Aa
Aa

ფედერერის იოლი გამარჯვება და პირველი ნახევარფინალისტები მაიამიში

მაიამის მასტერსზე პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა, რომელშიც ჯონ ისნერის მეტოქე, კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება. მეორე ნახევარფინალის გამოსავლენად კი დღეს კიდევ ორი მატჩია, რომელთა მონაწილეებმაც გუშინ თავიანთი შეხვედრები მოიგეს.

ერთ-ერთი ასეთი როჯერ ფედერერი გახლდათ, რომელმაც რუს დანილ მედვედევს საკმაოდ იოლად - საათსა და 3 წუთში, 6:4; 6:2 მოუგო. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად ითამაშა, მედვედევს მისი აღების საშუალება არ მისცა, თავად კი 3 ბრეიკი შეასრულა და შემდეგ წრეში კევინ ანდერსონს დაუპირისპირდება.

ფედერერმა გუშინდელი თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, რომლის ძირითადი ნაწილიც სწორედ ანდერსონთან მოახლოებულ შეხვედრას შეეხებოდა.

„ვფიქრობ, კევინი საკმაოდ სახიფათო მეტოქეა. მას შესანიშნავი ჩაწოდება აქვს, ამიტომ პირველ რიგში საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნო და ბრეიკზე მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრო. უიმბლდონზე მან „ქამბექის“ შესრულება შეძლო, რაც კარგი მაგალითი უნდა იყოს.

დღეს თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ ეს ასეა და საერთო ჯამში, აღნიშნული ფაქტორები თავდაჯერებას მმატებს“.

ფედერერისა და ანდერსონის შეხვედრა თბილისის დროით ღამის 3 საათზე დაიწყება, იქამდე კი 23 საათიდან დენის შაპოვალოვი და ფრენსის ტიაფო ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები