Aa
Aa

ბრეიდის მაგალითზე - კეინს ამერიკული ფეხბურთის კარიერის დაწყება სურს

ლონდონის „ტოტენჰემის“ კაპიტანი, ჰარი კეინი ამერიკული ფეხბურთითაა დაინტერესებული და მისი თამაშის სურვილს გამოთქვამს. კეინი თებერვალში გამართულ სუპერ ბოულს დაესწრო, ESPN-თან ჩაწერილ გუშინდელ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ NFL-ში ძალებს სიამოვნებით გამოცდიდა.

„ეს სიმართლეა. დაახლოებით 10-12 წელში, როცა კარიერას დავასრულებ, მინდა, ამერიკული ფეხბურთის თამაში ვცადო. თუკი პრემიერ ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებ, შემდეგ კი საკუთარ თავს NFL-შიც მონახავ, შესაძლებელია, რომ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად განგიხილონ?

ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ტომ ბრეიდი და მისი თამაშია, რასაც ინტერნეტის მეშვეობით ხშირად ვუყურებ. სხვათა შორის, ბევრი ადამიანი მის პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებდა და ზოგი კი საერთოდ მიიჩნევდა, რომ ბრეიდი NFL-ში დამკვიდრებასაც ვერ შეძლებდა. დღესდღეობით კი ყველა ხედავს, რომ ის ამ სპორტში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ განიხილება.

ეს მაგალითი ჩემთვის ინსპირაციის წყაროა და მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. თუ ასეთი დაუოკებელი სურვილი გაქვს, რომ რაღაც გააკეთო, მაშინ ეს უნდა სცადო“.

ჰარი კეინსა და მის ამჟამინდელ გუნდ „ტოტენჰემს“ უქმეებზე პრემიერ ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება უწევთ, ლონდონელები ლივერპულში ჩადიან და „ენფილდზე“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან.

„ტოტე“ ინგლისის ჩემპიონატის ზედა ოთხეულისთვის იბრძვის და ამჟამად მე-3 ადგილზეა, თუმცა მე-5 ადგილოსან „მანჩესტერ იუნაიტედს“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები