Aa
Aa

"ბაიერნმა" თავისთვის სარეკორდო ტრანსფერი გააოფიციალურა!

მიუნხენის "ბაიერნმა" არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერი განახორციელა და იგი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაადასტურა. "რეკორდმაისტერის" "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, გუნდმა მადრიდის "ატლეტიკოდან" ლუკა ერნანდესი გადაიბირა.

გერმანული პრესის თქმით, მიუნხენელებს ფრანგი უკანახაზელის შეძენა 80 მილიონი ევრო დაუჯდათ, ფეხბურთელი კი "ალიანც არენაზე" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადაბარგდება, რის შემდეგაც კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და მუნდიალის გამარჯვებული, ლუკა ერნანდესი ჩვენთან ითამაშებს". - განაცხადა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ლუკა ერნანდესი "ატლეტიკოს" სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა. ერნანდესი "როხიბლანკოს" მაისურით მოედანზე 67-ჯერ გავიდა. საფრანგეთის ნაკრების რიგებში კი 15 კეპი აქვს და რაც მთავარია, მსოფლიო ჩემპიონია. 

"ჩემს საფეხბურთო კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. "ბაიერნი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ამაყი ვარ, რომ ამიერიდან ტიტულების მოსაგებად მასთან ერთად ვიბრძოლებ. დიდი მადლობა "ატლეტიკოს", მის თითოეულ წევრს, ახლა კი შემდეგი ნაბიჯის დროა და ეს "ბაიერნია". - ეს უკვე თავად 23 წლის ერნანდესის სიტყვებია.

მიუნხენური გრანდის ყველაზე ძვირი შენაძენი კორენტინ ტოლისო გახლდათ, რომლის სანაცვლოდაც 2017 წელს, 42 მილიონი ევრო გადაიხადეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები