ესპანეთის ნაკრებმა ბურთის ფლობის ახალი რეკორდი დაამყარა!
Aa
Aa

ესპანეთის ნაკრებმა ბურთის ფლობის ახალი რეკორდი დაამყარა!

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა "ევრო 2020"-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან და მალტასთან მიღწეული გამარჯვებებით დაიწყო. "ფურია როხამ" მალტასთან გუშინდელ შეხვედრაში სანაკრებო ფეხბურთის ახალი რეკორდიც დაამყარა.

პირენეელებმა ბურთის ფლობის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირეს, რაც დროის 83.5% ბურთის კონტროლს გულისხმობს. მადრიდული გამოცემა - Marca წერს, რომ მას შემდეგ, რაც ეს სტატისტიკა აითვლება, სანაკრებო დონეზე მსგავსი შედეგი არცერთ სხვა ნაკრებს არ ჰქონია.

ესპანელებმა გუშინდელ მატჩში ჯამურად 949 პასი შეასრულეს, რომელთაგანაც 874 ადრესატამდე ზუსტად მივიდა. ყველაზე მეტი - 133 გადაცემა სერხიო რამოსის ანგარიშზეა, 114 პასი სერხი რობერტომ გააკეთა, 102 კი - სერხიო კანალესმა.

"ფურია როხამ", ალვარო მორატას მიერ გატანილი წყვილი გოლით, 2:0 იმარჯვა. მორატამ ნაკრებში 2017 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად შეაგდო, თუმცა 2014 წლიდან მოყოლებული გატანილი 15 სანაკრებო გოლით, იგი ესპანელთა შორის საუკეთესო ბომბარდირია.

რაც შეეხება უკვე ნახსენებ სერხიო რამოსს, მან იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა და ნაკრებთან ერთად 121-ე გამარჯვებას მიაღწია. "რეალის" კაპიტნის აქტივში 163 კეპია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები