Aa
Aa

ბაუტისტა-აგუტიმ ჯოკოვიჩი კიდევ ერთხელ დაამარცხა - მაიამიში 1/4 ფინალისტები გაირკვა

მაიამის მასტერსი ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. ტურნირის ერთ-ერთ მერვედფინალურ შეხვედრაში ახალი თაობის ორი გამორჩეული წარმომადგენელი - ბორნა ჩორიჩი და ნიკ კირგიოსი დაუპირისპირდნენ.

ავსტრალიელმა პირველი პარტია შეატრიალა და დაწინაურდა კიდეც, თუმცა შემდეგი ორი სეტი უშანსოდ დათმო, რამაც ჩორიჩს 1/4 ფინალისკენ გზა გაუხსნა - 4:6; 6:3; 6:2. ახალგაზრდა ხორვატის მომდევნო მეტოქე უნიჭიერესი კანადელი - ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგობა 2 სეტში დასძლია.

ნიკას პირველი პარტიის მოგების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, თუმცა მე-11 გეიმში შესრულებული ბრეიკი ვერ შეინარჩუნა და შემდეგ ტაიბრეიკიც დათმო. ქართველმა შეცდომების დაშვება მეორე სეტშიც გააგრძელა, რაც თამაშის წაგებად დაუჯდა - 6:7; 4:6.

დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ჯონ ისნერსა და კაილ ედმუნდს შორის შედგა. მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში უკეთესი და ოდნავ იღბლიანიც ისნერი გამოდგა, რომელმაც ორ ტაიბრეიკზე იმარჯვა.

„გიგანტი ჯონი“ შემდეგ წრეში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტის დაუპირისპირდება, რომელმაც ტურნირიდან მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა. ბაუტისტამ „ნოლეს“ ბოლო 2 თვეში ზედიზედ მეორე სამსეტიანი ურთიერთშეხვედრა მოუგო.

მაიამიში დღეიდან უკვე 1/4 ფინალების ჯერი დგება, უკვე ნახსენები ორი მატჩის გარდა, ერთმანეთის წინააღმდეგ დანილ მედვედევი და როჯერ ფედერერი, ასევე, დენის შაპოვალოვი და ფრენსის ტიაფო ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები