Aa
Aa

არის რეკორდი! - კუალიარელა იტალიის ნაკრების ისტორიაში შევიდა

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ლიხტენშტეინს 6:0 მოუგო. გუშინდელ საღამოს რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, მთავარი პერსონა კი ფაბიო კუალიარელა გახლდათ, რომელიც „სკუადრა აძურას“ ისტორიაში შევიდა.

„სამპდორიას“ კაპიტანმა პირველი ტაიმის მიწურულს პენალტებიდან შეაგდო და 36 წლისა და 54 დღის ასაკში, იტალიის ნაკრების რიგებში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა. „კუალიაგოლმა“ კრისტიან პანუჩის რეკორდი გააუმჯობესა. იტალიის ნაკრების ყველაზე მხცოვან მეგოლეთა ხუთეულში, კუალიარელასა და პანუჩის გარდა, ანტონიო დი ნატალე, ფაბიო კანავარო და ანდრეა პირლო შედიან.

აღსანიშნავია, რომ კუალიარელა ნაკრებში თითქმის 9 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. იგი რობერტო მანჩინიმ ეროვნულ გუნდში სერია A-ში შესანიშნავი თამაშის გამო მიიწვია, ვეტერანი ფორვარდი, 21 გოლით, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ „სკუადრა აძურამ“ ერთ მატჩში 6 გოლი 1993 წლის შემდეგ პირველად გაიტანა, მაშინ არიგო საკის გუნდმა მალტას 6:1 აჯობა. რაც შეეხება 6 ბურთიანი სხვაობით მოგებას, მას იტალიელებმა ბოლოს 1962 წელს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მიაღწიეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა ისაა, რომ მანჩინის ბიჭებმა ზედიზედ მე-5 შეხვედრაში არ გაუშვეს, რაც „აძურას“ 2005 წლის შემდეგ არ ჰქონდა გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები