ვაისი: ''ისტორია უნდა შევცვალოთ, დუბლინიდან ქულების წაღება გვსურს''
Aa
Aa

ვაისი: ''ისტორია უნდა შევცვალოთ, დუბლინიდან ქულების წაღება გვსურს''

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევის მეორე ტურში სტუმრად ირლანდიას შეხვდება. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის შესახებაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ვლადიმირ ვაისი:''ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ჩვენ არასდროს მოგვიგია მათ წინააღმდეგ, შევეცდებით, რომ ეს ისტორია შევცვალოთ და მოვიგოთ. დუბლინიდან ქულების წაღება გვსურს, მითუმეტეს, რომ  ჯგუფის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ფავორიტ, შვეიცარიასთან დავმარცხდით. ვნახოთ რა გამოგვივა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, როგორი თამაში გვჭირდება, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ.

ირლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ბუნებრივია, რომ გუნდის თამაშში გარკვეული ცვლილებები მოხდება. ეს ნორმალურია, რადგან ყველა მწვრთნელს საკუთარი იდეები აქვს. მაგალითად ერთა ლიგაზე ირლანდია 3 ან 5 მცველით თამაშობდა, ჩვენს წინააღმდეგ კი, ვფიქრობ, რომ მთავარი მწვრთნელი 4-4-2 სათამაშო სქემას აირჩევს. ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს კარგად ვიცნობთ, ისიც კარგად ვიცი რა შეუძლია ჩვენ გუნდს. ირლანდიელთა ყველაზე ძლიერი მხარე სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაცვაში ყურადღებით ვითამაშოთ.

დაცვის მარცხენა ფლანგი ნამდვილად პრობლემატურია ჩვენთვის. ტაბიძემ გასული თამაში კარგად ითამაშა, თუმცა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ის ვერც ირლანდიის წინააღმდეგ დაგვეხმარება. ამ ეტაპზე გუნდში, ნავალოვსკი და ხარაბაძე გვყავს. ვნახოთ როგორ წარმოაჩენენ ბიჭები თავს მატჩისწინა ვარჯიშზე. ჩვენ ისეთ ტაქტიკას შევარჩევთ, რომელიც უკეთესი იქნება ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ. მეტოქე ფლანგებიდან და სტანდარტულებიდან ძალიან სახიფათოა, აქედან გამომდინარე მოედანზე გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც მეორე სართულზე კარგად თამაშობენ.

ყველა მოთამაშე, რომელიც დუბლინში ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ჯანმრთელადაა, თუმცა ნავალოვსკისა და ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკის არ ქონის პრობლემა აქვთ. რაც შეეხება მერებაშვილს, მას მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და მზადაა, რომ მომავალ შეხვედრაში დაგვეხმაროს.

დუბლინის ავივას სტადიონი შესანიშნავია, საოცარი მინდვრით და გულშემატკივრებით. მე უკვე მესამედ ვიმყოფები აქ, ერთხელ საქართველოს ნაკრებთან ერთად, ერთხელ კი, სლოვაკეთთან ერთად. ჩემდა სამწუხაროდ, ირლანდიის დამარცხება ვერც ერთ შემთხვევაში მოვახერხე და როგორც უკვე გითხარით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისტორია შევცვალო.

რა თქმა უნდა, მომავალ წელს კარგი შანსი გვექნება, რომ ქართული ფეხბურთისთვის განსკუთრებულ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ახლა გვაქვს გასამართი და ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.  მომავალ მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინთ, უნდა ვაჩვენოთ კარგი ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ.“

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 26 მარტს, ადგილობრივი დროით 19:45 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 23:45). შეხვედრა ''ავივაზე'' შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები