ტაისონ ფიურის მომდევნო მეტოქე - ვინ არის ტომ შვარცი?
Aa
Aa

ტაისონ ფიურის მომდევნო მეტოქე - ვინ არის ტომ შვარცი?

ტაისონ ფიური რინგზე 16 ივნისს დაბრუნდება. მისი ოპონენტი 24 წლის გერმანელი მებრძოლი, ტომ შვარცი, იქნება. ამ უკანასკნელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ იგი კარიერის უმნიშვნელოვანეს ორთაბრძოლას გამართავს.

ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად 30 წლის ბრიტანელს მიიჩნევენ. ექსპერტები და ქომაგებიც იმავე აზრზე არიან, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არაფერია.

ვინ არის ტომ შვარცი?

შვარცი მაგდებურგში დაიბადა. მისი სიმაღლე 197 სანტიმეტრი, წონა კი 108 კილოგრამია.

პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა მან 2013 წლის 2 მარტს ჩაატარა. ბოლო ორთაბრძოლაში კი კრისტიან კრსტაჩიჩს ნოკაუტით სძლია.

ვის ეჩხუბა და რა შედეგი აქვს?

შვარცი ჯერჯერობით არავის დაუმარცხებია. კარიერის მანძილზე მან 24 შერკინება გამართა და 16-ში ნოკაუტით იმარჯვა. გერმანელს ფიურის დონის მოკრივის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია, თუმცა სენად გაშისთან, სამირ ნებოსთან და ივიცა ბაკურინთან აქვს გამარჯვება მოპოვებული.

რა სტილით ჩხუბობს ტომ შვარცი?

ტომ შვარცი ევროპული სტილის მიმდევარი მებრძოლია. მისი მთავარი იარაღი მარჯვენა ხელით განხორციელებული პირდაპირი დარტყმებია და ხშირ-ხშირი შეტევებით უპირატესობის მოპოვებას რეგულარულად ცდილობს.

იგი კონტრშეტევებს ვერ უმკლავდება და მარცხენა ხელი ხშირად დაბლა აქვს დაწეული, რაც თავდაცვისას დიდი შეცდომაა.

ტომ შვარცი სენად გაშის წინააღმდეგ

სენად გაშისთან ორთაბრძოლა შვარცისთვის ნამდვილ გამოცდად იქცა. მასზე დაბალმა მოკრივემ ტომს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ყველაფერი გერმანელის სასარგებლოდ დასრულდა.

გაშიმ თავით განხორციელებული დარტყმების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და გამარჯვება შვარცს დარჩა. ორთაბრძოლის შემდეგ კი დიდი ჩხუბი ატყდა.

ცხელი ამბები