Aa
Aa

ჯოკოვიჩის სამსეტიანი გამარჯვება და უსენსაციო დღე მაიამიში

მაიამის მასტერსზე წარმატებულ სვლას აგრძელებს ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ტურნირის 1/16 ფინალურ ეტაპზე არგენტინელ ფედერიკო დელ ბონისთან 3 სეტიანი ბრძოლა გადაიტანა.

სერბი ჩოგბურთელი პირველ პარტიაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა სეტზე უშედეგოდ ჩააწოდა და საქმე ოდნავ გაირთულა, საბოლოოდ 7:5 იმარჯვა და მეორე სეტშიც ბრეიკით დაწინაურდა.

თითქოს ყველაფერი იოლად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ „ნოლემ“ ზედიზედ 4 გეიმი წააგო, რის გამოც სეტებში ანგარიში გათანაბრდა. მესამე პარტია კი ერთი მსახიობის თეატრს ჰგავდა, ჯოკოვიჩი მეტოქეს ყველა სათამაშო ასპექტში სჯაბნიდა, საბოლოოდ - 7:5; 4:6; 6:1 მოიგო და შემდეგ წრეში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ გამართულ მატჩებში ჯოკოვიჩს არგენტინელების წინააღმდეგ უდიდესი უპირატესობა აქვს და მათთან ჯამში ჩატარებული 39 თამაშიდან 36 სათავისოდ დაასრულა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი მომდევნო რაუნდში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტის შეხვდება. აგუტიმ იტალიელ ფაბიო ფონინის 2 სეტში მოუგო.

დღის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ჯონ ისნერსა და ალბერტ რამოს-ვინოლასს შორის შედგა. ამერიკელმა გიგანტმა 2 სეტში, თუმცა მძიმე ბრძოლაში - 7:5; 7:6 იმარჯვა.

ისნერის შემდეგი მეტოქე მილოშ რაონიჩისა და კაილ ედმუნდის დაპირისპირებაში ირკვეოდა. ფავორიტად შერაცხულმა რაონიჩმა ცუდი შეხვედრა ჩაატარა და ედმუნდთან 2 სეტში, თითო ბრეიკით წააგო - 4:6; 4:6.

აქვე დავამატოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს 2 სეტში მოუგო და 1/8 ფინალში ნიჭიერ კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები