Aa
Aa

ჩავი ვენესუელასთან არ იქნება

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ჩავი, ვენესუელასთან მატჩში კატალონიის ნაკრებს ვერ დაეხმარება. 39 წლის ნახევარმცველი მზად იყო სანაკრებო ფეხბურთს დაბრუნებოდა და კატალონიის ეროვნული გუნდის მაისური მოერგო, თუმცა მისმა კლუბმა, „ალ-სადიმ“, უარი განაცხადა.

ჩავიმ ყატარული გუნდის გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს სოციალური ქსელების მეშვეობით ამცნო. ესპანელმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „ვწუხვარ, მაგრამ მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ კატალონიასა და ვენესუელას ნაკრებებს შორის შეხვედრაში, რომელიც „ესტადი მონტილივიზე“ გაიმართება, მონაწილეობას ვერ მივიღებ“.

„კლუბთან ვალდებულებები მაკავშირებს და ამის გამო გამგზავრებას ვერ ვახერხებ. დიდი მადლობა კატალონიის ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით პრეზიდენტ სოტერასს, კარლოს დომენეკს და ხერარდ ლოპესს, ჩემ მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. იმედია მომდევნო შეხვედრაში თქვენ გვერდით ვიქნები. მანამდე კი ყატარში ნომერ პირველი გულშემატკივარი გეყოლებათ. გაუმარჯოს კატალონიას“.

ჩავიმ, რომელსაც „ფურია როხას“ რიგებში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, კატალონიის ნაკრების მაისური 12-ჯერ მოირგო. რამდენიმე დღის წინ მან და პიკემ ვენესუელას ეროვნულ გუნდთან თამაშის სურვილი გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ კატალონიის ეროვნულ გუნდში გამოსვლა მათ გარდა ორიოლ რომეუს და მარტინ მონტოიასაც სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები