წასაგები მატჩი, რომელიც შესაძლოა არ წაგვეგო - მსაჯის 2 შეცდომა, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა
Aa
Aa

წასაგები მატჩი, რომელიც შესაძლოა არ წაგვეგო - მსაჯის 2 შეცდომა, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო და "დინამო არენაზე" შვეიცარიასთან ლოგიკური მარცხი იწვნია.

მეტოქე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა და თამაშის სცენარიდან გამომდინარე შვეიცარიამ სამი ქულა დამსახურებულად წაიღო, თუმცა იყო ორი ეპიზოდი, რომლებმაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია...

დიახ, ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქის წინააღმდეგობა ვეღარ დაძლია და უნდა ვაღიაროთ, რომ წაგება გასაკვირი არ ყოფილა, მაგრამ ეს ფეხბურთია და უამრავჯერ გვინახავს მატჩები, როდესაც კარგად მოთამაშე გუნდს წაუგია, ან ვერ გაუმარჯვია.

ყოველთვის ძლიერები როდი იგებემ. ამის საკმაოდ დიდი შანსი იყო ჩვენს შემთხვევაშიც. მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ.

სრულიად თანაბარი პირველი ტაიმი, რომელშიც უფრო მწვავე მომენტები ჩვენს ნაკრებს ჰქონდა, ლოგიკური უგოლო ფრით დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა. ჯანოს ჩაგდებული ქვილითაიამ თავურით კარისკენ გადაგზავნა, შვეიცარიელმა უკანახაზელმა კი ბურთი კარის ხაზიდან აშკარად ხელით გამოიტანა.

მსაჯმა ამ ეპიზოდში ქვილითაია დააჯარიმა და ბუნებრივია, რომ ხელით თამაში არც განუხილავს. ტელევიზორთან შეკრებილ მაყურებელს ფუფუნება ჰქონდა და მათ ეპიზოდი განმეორებით იხილეს, რომლიდანაც გამოჩნდა, რომ "გენტის" ქართველი ფორვარდი წესებს არ არღვევდა და მსაჯს პენალტის დანიშვნის სრული უფლება ჰქონდა.


 

მოთამაშეებს შორის საჯარიმოში ასეთი მცირე შეხება ხშირად არის ხოლმე და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, არბიტრი წესების დარღვევას არ აფიქსირებს.

ამ ეპიზოდში ვიდეო რეფერი, რომ ყოფილიყო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პენალტი დაინიშნებოდა და ანგარიშის გახსნის საკმაოდ კარგი შანსიც მოგვეცემოდა.

ახლა შევეხოთ მეორე საკამათო ეპიზოდს. შეხვედრის 56-ე წუთზე ძალიან ბევრი რამ მოხდა. ერთ წუთში მატჩის ბედი გადაწყდა.

გიორგი ქვილითაია მაღალი ბურთისთვის იბრძოდა და მეტოქემ მის წინააღმდეგ წესები აშკარად დაარღვია, თუმცა მსაჯი ამჯერადაც შვეიცარიელებს მიემხრო და ჯარიმა დანიშნა, რომელიც მეტოქემ გაითამაშა, ჩააწოდა და ჩვენს კარში გოლი გავიდა.


 

არასრულ 1 წუთში ორი მომენტი შეიქმნა, რომელმაც მატჩის შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია. გამეორებაზე დავინახეთ, რომ მეტოქემ წესები დაარღვია და ბურთი ჩვენ უნდა დაგვრჩენოდა.

მსაჯის შცდომამ ისევ ჩვენ დაგვაზარალა.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში ცუდად ითამაშა და წაგებას იმსახურებდა, მაგრამ სრულიად მარტივად იყო შესაძლებელი, რომ ეს მატჩი როგორც მინიმუმ არ წაგვეგო.

ვინც ფეხბურთის მოყვარულია მისთვის მსგავსი შეხვედრები უცხო ნამდვილად არ იქნება და ნანახიც ექნება - როდესაც ერთი გუნდი მეორეს აღემატება და მას სჯობს, მაგრამ მატჩს ვერ იგებს. ამაში გასაოცარი არაფერია, ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია.

წესი წესია და ის ორივე გუნდისთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს. ამ შეხვედრაში ჩვენ დავიჩაგრეთ და ეს ცალსახაა, თუმცა ამისგან ტრაგედიის შექმნა მაინც არ ღირს.

გუნდში არსებული პრობლემები აღმოსაფხვრელია, წარსულზე ზედმეტი ფიქრი და გლოვა არ ღირს.

შვეიცარიელებისგან განსხვავებით ჩვენს ნაკრებს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ 3-4 მნიშვნელოვანი მოთამაშე უმტკივნეულოდ შეცვალოს.

ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ლიდერები აკლდა. ძირითადის უცვლელი წევრები, რომელთა ჩანაცვლებაც სამწუხაროდ სრულად არ შეგვიძლია. პლუს ამას ვინც ითამაშა, მათაც პრობლემები აწუხებდათ - მცირე დაზიანება, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, ახლადმოშუშებული ტრავმა და ა.შ.

როგორც უკვე ვთქვით, ამ ყველაფერს მსაჯის შეცდომებიც დაემატა და საბოლოოდ დავმარცხდით.

რომ არა არბიტრის გადაწყვეტილებები შესაძლოა მაინც წაგევგო და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რადგან შვეიცარია უფრო მაღალი დონის გუნდია. ეს არის გუნდი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბელგიას 5-2 მოუგო. ეს არი გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას თანაბრად ეთამაშა და მათთან არ დამარცხდა. ეს არის გუნდი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს და ეს არის გუნდი, რომელსაც ბოლო 5 (!) წელია საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში არ წაუგია!

ამ მარცხის გამო სოციალურ ქსელებში საქართველოს ნაკრებს ბევრი ზედმეტად მკაცრადაც აკრიტიკებს და ეს არასწორია.

მოდით ჩენი ბიჭების გვჯეროდეს და მათ მხარში უფრო მეტად დავუდგეთ. "დინამო არენაზე" მისულებმა უფრო მეტად ვიხმაუროთ. 50 ათასი ქომაგი დიდი ძალაა და დროა ამ ძალის გამოყენება ვისწავლოთ.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ფოტო - gff

ვიდეო - საზ. მაუწყებელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები