Aa
Aa

თანაბარი ჯახი და დასანანი მარცხი!

ლევან გორგაძე „ჰარუ ბაშოზე“ დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად იბრძვის. ქართველ სუმოისტს შერკინებების ჩატარება ტრავმის თანხლებით უწევს და გამარჯვებების მოპოვება ძალიან უჭირს.

დღეს ტოჩინოშინი იოკოძუნას სტატუსის მქონე კაკურიუს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 3 წაგება იყო და იგი ლევანთან ჯახს საჩემპიონო ამბიციების გარეშე შეხვდა. აქამდე ქართველი კაკურიუს 25-ჯერ გაეჯიბრა და მხოლოდ სამჯერ იმარჯვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ორთაბრძოლა გორგაძის ტრიუმფით დასრულდა.

სამწუხაროდ ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ კაკურიუს დამარცხება ვერ მოახერხა. დღევანდელი ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იოკოძუნამ იმძლავრა და იორიკირის ილეთით იმარჯვა.

ამრიგად ტოჩინოშინის ანგარიშზე 6 მოგება და 7 მარცხია. ლევანს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილი 2 შეხვედრიდან ორივეს მოგება სჭირდება.

ხვალ ქართველი რიკიში სეკივაკეს წოდების მქონე ტამავაშის გაეჯიბრება, რომელთანაც 21 ბრძოლიდან 14 მოგებული აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანი სასურველ შედეგს დააფიქსირებს.

ცხელი ამბები