რევაზ არველაძე: ''ნაკრებში მიწვევას ვატო პასუხისმგებლობით და სიხარულით ხვდება''
Aa
Aa

რევაზ არველაძე: ''ნაკრებში მიწვევას ვატო პასუხისმგებლობით და სიხარულით ხვდება''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რევაზ არველაძემ ტელეკომპანია ''მესამესთან'' საუბარში შვილის, ვატო არველაძის შესახებ ისაუბრა, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

რევაზ არველაძე: ''ჩვენ არველაძეები ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ვატო ფეხბურთს თამაშობს. ამ ფეხბურთს გართობა აღარ ჰქვია, ვატო მაღალი დონის პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, რაც ბევრ სენტიმენტებთან, მომავლის რწმენასთან და სიხარულთანაა დაკავშირებული. შესაბამისად იმ პრობლემებთან, რაც სპორტს ყოველთვის მოსდევს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას, ბუნებრივია ჩემს ემოციებს აქ ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, ზუსტად ვიცი, რომ ვატო სიხარულით და პასუხისმგებლობით შეხვდება ამ ყველაფერს. არველაძეების ნამდვილი დაბრუნება მაშინ შედგება, როცა ვატო მოედანზე გამოვა.

არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ადამიანს თავისი პროფესიით შეუძლია რაიმე გააკეთოს ქვეყნისთვის. ბუნებრივია სასიამოვნოა, როცა შენს ქვეყანას ასახელებ, შენს საკუთარ ხალხს, გაიგებენ რომელი ქვეყნიდან ხარ და ქართული ფეხბურთის შესახებ ინტერესს გაზრდი, მაგრამ კლუბთან შედარებით ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუდარებლად დიდი პასუხისმგებლობაა.''

შეგახსენებთ, ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატის გასულ 4 ტურში 4 გოლი შეაგდო და 1 პენალტი გამოიმუშავა, რასაც ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მოჰყვა. ვატო არველაძე შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის ეროვნულ გუნდთან ერთად ემზადება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები