რაბიოს დედა: „ადრიენი პატიმარია, იგი პსჟ-მ მძევლად აიყვანა
Aa
Aa

რაბიოს დედა: „ადრიენი პატიმარია, იგი პსჟ-მ მძევლად აიყვანა"

ადრიენ რაბიოს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, ამჟამად კი კლუბის მიერ დასჯილია და დისკვალიფიკაცია აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა საყრდენმა „მანჩესტერთან“ წაგების შემდეგ, პატრის ევრას ზეიმს მხარი აუბა, რაც, რა თქმა უნდა, პსჟ-ში არ მოიწონეს და ფეხბურთელს 27 მარტამდე დისკვალიფიკაცია მისცეს.

ძნელი სათქმელია, რა დისკვალიფიკაცია იყო საჭირო მაშინ, როცა რაბიო პარიზელთა მთავარ გუნდს ისეც ჩამოშორებულია და მას იანვარში არც ყატარის შეკრებაზე გაჰყოლია.

ფეხბურთელის დედისა და ამავდროულად აგენტის განცხადებით, 23 წლის შუახაზელი პარიზულ კლუბში პრაქტიკულად პატიმრად აქციეს.

„ადრიენი პატიმარია, იგი პსჟ-მ მძევლად აიყვანა. მალე ისინი მას საპყრობილეში ჩასვამენ და წყალზე და პურზე ამყოფებენ. ჩემი შვილი სასტიკ გარემოშია, ფეხბურთელს თამაში სჭირდება, და არა - დახურული სივრცე და თავისუფლების შეზღუდვა.

დედაჩემი, ანუ ადრიენის ბებია 5 იანვარს გარდაიცვალა, 11 იანვარს კი დაკრძალეს. ამ დროს პსჟ ყატარში შეკრებას გადიოდა, გუნდის წარმომადგენლებმა კი მკითხეს, რატომ არ მოვითხოვე მისი შესაბამისი მიზეზით გათავისუფლება დროულად.

ამ ყველაფერს ამერიკიდან ზარი მოჰყვა, გვაცნობეს, რომ ადრიენის მამის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. იგი 25 იანვარს გარდაიცვალა. ჩნდება კითხვა, როგორ უნდა წასულიყო ის ყატარში, როცა 20 დღის ინტერვალით 2 უახლოესი ადამიანი დაკარგა“.

ადირენ რაბიოს პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა შემოდგომაზე აერია, როცა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება არ მოხერხდა. მას შემდეგ ფეხბურთელი მეორე გუნდში გადაიყვანეს და ზაფხულამდე თამაშის პერსპექტივა არ აქვს. რაბიო ივნისში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები