Aa
Aa

ძენგა - იკარდიზე: "თუკი „ინტერი“ გიყვარს, მაშინ"...

მილანური დერბის მოგების მიუხედავად, „ინტერის“ ბანაკში ატმოსფერო მაინც ვერ დაიწმინდა და მაურო იკარდის გარშემო მიმდინარე მოვლენები მედიაში განხილვის მთავარ თემად რჩება.

არგენტინელის შესახებ „ინტერის“ ლეგენდამ, ვალტერ ძენგამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი ეს გუნდი გიყვარს, მაშინ კაპიტნის სამკლაური მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.

„ბავშვობიდან „ინტერში“ ვიყავი და ეს კლუბი 22 წელი ჩემი ნაწილი იყო. ვფიქრობ, თუკი „ნერაძური“ გიყვარს, ის ყველაფრის მიუხედავად უნდა გიყვარდეს, მაშინაც კი, როცა კაპიტნის სამკლაურს ჩამოგართმევენ“.

ლეგენდარულმა მეკარემ ფეხბურთელის აგენტის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გადაცემა Tiki Taka და იქ ვანდა ნარას წამყვანად ყოფნა, იკარდის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ უფრო ამძაფრებს.

„დღესდღეობით აგენტს უფლება არ უნდა მისცე, რომ ყოველ კვირას გადაცემაში დაჯდეს და  შენზე ილაპარაკოს, რადგან არსებობს ფუნქციები და მოვალეობები. მჯერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯუზეპე მაროტამ სწორი პოზიცია დაიჭირა, რადგან როცა კაპიტნის გარშემო ასეთი ამბებია, ეს გუნდზე კარგად ვერ იმოქმედებს. ვფიქრობ, მაროტას პოლიტიკა სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის“.

ვალტერ ძენგა მილანშია დაბადებული და 11 წლიდან „ინტერის“ აკადემიაში ვარჯიშობდა. „შავ-ლურჯთა“ ძირითად გუნდში კი 1978-1994 წლებში ირიცხებოდა. 58 წლის მეკარემ გუნდთან ერთად სერია A, იტალიის სუპერ თასი და 2-ჯერ უეფას თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები