კასილიასი:
Aa
Aa

კასილიასი: "ლა ლიგაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი"

„პორტუს“ 37 წლის გოლკიპერს, იკერ კასილიასს, გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. ლეგენდარული მეკარე „დრაკონებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ ლა ლიგაში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

იკერი მადრიდის „რეალის“ ღირსებას 16 წლის განმავლობაში იცავდა. „სამეფო კლუბთან“ ერთად იგი „ლა ლიგის“ ტრიუმფატორი 5-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 4-ჯერ გახდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კასილიასმა სწორედ „რეალში“ გატარებული წლები გაიხსენა და განაცხადა: „ძალიან გამიმართლა „ლა ლიგაში“ თამაშის შანსი რომ მომეცა და სამწუხაროა ახლაც ესპანეთში რომ არ ვარ“.

„მადრიდში დიდ წარმატებას მივაღწიე და იგივე შედეგის გამეორება ძალიან რთული იქნება. „რეალში“ გატარებული პერიოდი წარსულში დარჩა, მაგრამ „ლა ლიგაში“ სიამოვნებით დავბრუნდებოდი“.

37 წლის მეკარე ესპანეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობასაც შეეხო და აღნიშნა: „ჩემი ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით სანაკრებო კარიერა არ დამისრულებია და „ფურია როხას“ მაისურის მორგების სურვილი ნამდვილად მაქვს. ვფიქრობ გოლკიპერებთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირადაა, თუმცა მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ნაკრებში სხვა მოთამაშეებს იძახებს, რადგან თვლის რომ ისინი ჩემზე უკეთ ასპარეზობენ“.

კასილიასს კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრნენ. ის და ედერ მილიტაო ივლისიდან მოყოლებული თანაგუნდელები არიან. „რეალმა“ ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი უკვე გააოფიციალურა, იკერის აზრი ამ მხრივ ნამდვილად საინტერესოა.

„რეალის“ მხრიდან ბრწყინვალე ნაბიჯია, მათ გაიფორმეს ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ, ედერი მადრიდში წარმატებული იქნება.

„პორტუ“ მასზე ფსონს მაშინ ჩავიდა, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა მან თანდათან შესანიშნავი თვისებები გამოავლინა. ის ძალიან კეთილშობილია და სურს, სწორი გზით იაროს. ერთადერთი, რისაც ცოტა მეშინია ისაა, რომ ადაპტაცია იოლი არ იქნება, რადგან ესპანეთი განსხვავებული ადგილია.

მას ყოველთვის ვეუბნები, რომ როცა მადრიდში ჩავა, ამ ყველაფერს თავად გაანალიზებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები