Aa
Aa

შაჩირი საქართველოსთან არ იქნება

„ლივერპულისა“ და შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯერდან შაჩირიმ დაზიანება მიიღო და მინდორზე გასვლას რამდენიმე დღე ვერ მოახერხებს. 27 წლის შემტევს საზარდულის ტრავმა აწუხებს და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე შეხვედრას გამოტოვებს.

შვეიცარია 23 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებს გაეჯიბრება. სამი დღის შემდეგ კი დანიის ნაკრების წინააღმდეგ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

მიმდინარე სეზონში შაჩირის არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა. იურგენ კლოპი მას ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ამწესებს, თუმცა ჯერდანმა სათადარიგო სკამიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო.

ბრიტანული The Sun-ის ცნობით „ლივერპულის“ ექიმები ეჭვობენ, რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი გუნდს აპრილის დასაწყისამდე ვერ დაეხმარება.

სანაკრებო პაუზის შემდეგ „მერსისაიდელებს“ ურთულესი მატჩი ელით და 31 მარტს „ენფილდზე“ მესამეადგილოსან „ტოტენჰემს“ უმასპინძლებენ.

„წითლები“ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის დასასაკუთრებლად იბრძვიან. იურგენ კლოპის ბიჭები ამჟამად 76 ქულით პირველ ადგილს იკავებენ და უშუალო მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ ორი ქულით უსწრებენ, თუმცა „ქალაქელებს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები