Aa
Aa

დირკ ნოვიცკის ისტორიული შედეგი

“დალას მავერიქსის“ გერმანელმა მძიმე ფორვარდმა, დირკ ნოვიცკიმ, ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაასწრო და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩემბერლენმა ვარსკლავური კარიერის მანძილზე 31419 ქულა დააგროვა. „პელიკანსთან“ მატჩამდე კი დირკის ანგარიშზე 31416 ქულა გახლდათ. ნოვიცკიმ ისტორიული შედეგი „დალასის“ საშინაო არენაზე დააფიქსირა და გულშემატკივრები პირველივე მეოთხედში გაახარა.

„ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ 40 წლის გერმანელმა თავი 8 ქულას, 1 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა. უშუალოდ შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.

დამატებითი ხუთწუთეული უკეთ „პელიკანსის“ მოთამაშეებმა ჩაატარეს და მეტოქეს 129-ით 125 სძლიეს. ელვინ ჯენტრის ბიჭების წარმატებაში დიდი წვლილი ჯულიუს რენდლმა შეიტანა, რომელმაც შეხვედრა 30 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ნოვიცკის გარდა ინდივიდიალური მიღწევა „ნიუ ორლეანის“ გამთამაშებელმა, ელფრიდ პეიტონმაც, გაიფორმა. იგი NBA-ის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი ზედიზედ ხუთ შეხვედრაში დააგროვა. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ რასელ უესტბრუკს, ოსკარ რობერტსონს, უილტ ჩემბერლენს და მაიკლ ჯორდანს ჰქონდათ გაკეთებული.

„დალასს“ „ნიუ ორლეანთან“ წაგების შემდეგ 42 მარცხი დაუგროვდა. ტეხასელები დასავლეთ კონფერენციის მეცამეტე ადგილს იკავებენ და შემდეგ შეხვედრას გასვლაზე, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები