მიხეილ გიორგაძემ ქალთა საჭადრაკო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
Aa
Aa

მიხეილ გიორგაძემ ქალთა საჭადრაკო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქალთა ნაკრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებს ასტანაში წარმატებული გამოსვლა პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ. მიღებას ესწრებოდნენ სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ვეტერენი მოჭადრაკეები და მოწვეული სტუმრები.

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ელიზბარ უბილავას გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში დაძაბულ ბრძოლაში ფრედ დაამთავრა შეხვედრა რუსეთის უძლიერეს ნაკრებთან, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონის ტიტულს ჩინეთი დაეუფლა. 12-12 ქულით III-IV ადგილები საქართველომ და უკრაინამ გაინაწილეს. თუმცა, საერთო ჯამური ქულებით ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებმა დაისაკუთრა.

ქართველმა ქალებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს ინდივიდუალურ დაფებზეც. სათადარიგო დაფაზე ოქროს მედალი დაისაკუთრა სალომე მელიამ, მეორე და მესამე დაფაზე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი. პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გუნდის ლიდერმა ბელა ხოტენაშვილმა. მეოთხე დაფაზე მეოთხეზე გავიდა ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ყველა პარტია შავებით ითამაშა.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატი. პირველობა, რომელშიც ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას, 30 მარტს დასრულდება.

ცხელი ამბები