Aa
Aa

სპალეტი კმაყოფილია, გატუზოს მომავლის იმედი აქვს

ევროპა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ ლუჩიანო სპალეტის „ინტერმა“ სერია A-ში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დაისაკუთრა. „ნერაძურიმ“ „დერბი დელა მადონინაში“ იმარჯვა და მოსისხლე მტერს, „მილანს“, დაძაბულ ბრძოლაში 3-2 სძლია.

„ინტერის“ მხრიდან თავი ვესინომ, დე ვრაიმ და ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინეს. ჰანდანოვიჩის კარის აღება კი ბაკაიოკომ და მუსაჩიომ მოახერხეს.

მატჩის შემდეგ ლუჩიანო სპალეტი გახარებული იყო და საკუთარი გუნდის ასპარეზობით აღტაცებული გახლდათ. იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე „ნერაძურის“ ფეხბურთელები შეაქო და განაცხადა: „მილანურ დერბიში შესანიშნავად ვიასპარეზეთ და ევროპა ლიგაზე განცდილი კრახი წარსულში დავტოვეთ. ბრავო „ინტერის“ თითოეულ მოთამაშეს! მათ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს. ბრავო „სან სიროზე“ შეკრებილ ქომაგებს. ისინი რთულ მომენტებში გუნდს მხარში ედგნენ და ფეხბურთელებს ამხსნევებდნენ! დიდი მადლობა ყველას“.

საკუთარი კოლექტივის გამოსვლის შესახებ კომენტარი „მილანის“ თავკაცმა, ჯენარო გატუზომაც, გააკეთა. ამ უკანასკნელმა დაშვებულ შეცდომებს გაუსვა ხაზი და ოპტიმისტური განცხადებით გამოვიდა: „წაგების მიუხედავად მჯერა ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. დღეს ისე ნამდვილად ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. პირველი „ინტერმა“ ჩვენზე უკეთ ჩაატარა. მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ, თუმცა ზედმეტად პასიურები ვიყავით  და ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორებსაც ასეთი დონის შეხვედრაში არ გაპატიებენ“.

მილანურ დერბიში მიღწეული წარმატების შედეგად „ინტერმა“ 53 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება „მილანს“, „როსონერი“ 51 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები