Aa
Aa

მესი: "არ მახსოვს ჩემს კარიერაში მსგავსი რამ ოდესმე მომხდარიყოს“

„კატალონიის ბარსელონას“ არგენტინელმა სუპერვარსკლავმა, ლიონელ მესიმ, საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა. „ლა პულგამ“ თავი ამჯერად „ბეტისის“ წინააღმდეგ გამოიჩინა. მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და კარიერის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო. ლეოს ასპარეზობით მოხიბლული ადგილობრივი პუბლიკა მას ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით გააცილა.

„ბეტისთან“ მოპოვებული გამარჯვება მესისთვის ისტორიული გამოდგა. მან „ბლაუგრანას“ მაისურით 477-ე შეხვედრა მოიგო და ლეგენდარული ჩავის რეკორდი გააუმჯობესა.

მატჩის შემდეგ „ვერდიბლანკოს“ ქომაგების ქმედებების შესახებ არგენტინელმა Movistar-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „ბეტისის“ გულშემატკივრების მადლიერი ვარ. სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ჩემს კარიერაში მსგავსი რამ ოდესმე მომხდარიყოს“.

„დღეს ძალიან საჭირო გამარჯვება გავიფორმეთ. ლამაზი გოლები გავიტანეთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოპოვებული სამი ქულააა. ვიცოდით, რომ „მადრიდის ატლეტიკომ“ თავისი შეხვედრა წააგო და „ბეტისთან“ ქულების დაკარგვის უფლება ნამდვილად არ გვქონდა“.

„საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ, რომელიც ბურთს მშვენივრად ფლობს. ვალვერდემ მატჩის მიმდინარეობა შესანიშნავად წაიკითხა და ტაქტიკური გადმოსახედიდან შეცდომები ფაქტობრივად არ დაგვიშვია. როცა ასეთი ოპონენტის წინააღმდეგ გამოდიხარ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად“.

მორიგი გამარჯვების შემდეგ „ბლაუგრანას“ 66 ქულა დაუგროვდა. „ბარსელონა“ უშუალო მდევარს, „ატლეტიკოს“ 10 ქულით უსწრებს და დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონს ლა ლიგის ტრიუმფატორის სტატუსით დაასრულებს.

ასევე იხილეთ - შარიქაძე: ''მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები