Aa
Aa

დრამონდის რეკორდი და ფაჩულიას გუნდის წარმატება "ტორონტოსთან"

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. დუეინ კეისის გუნდმა უკანასკნელი 9 შეხვედრიდან შვიდი მოიგო და გამარჯვება ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ „ტორონტო რეპტორსთანაც“ იზეიმა.

კანადელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში „პისტონსის“ ლიდერმა, ანდრე დრამონდმა, NBA-ის რეკორდი დააფიქსირა. 25 წლის ცენტრი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც სეზონში მინიმუმ 1000 ქულა, 1000 მოსნა, 100 ბლოკი და 100 ჩაჭრა მეოთხედ დააგროვა.

„ტორონტოსთან“ შეხვედრაში დრამონდმა 15 ქულა, 17 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. დეტროიტელთა მხრიდან საუკეთესო კი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც მატჩი 25 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 13 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. ქართველი კალათბურთელი საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ და გუნდს 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ბლოკი შესძინა.

„დეტროიტმა“ მიმდინარე სეზონში გამარჯვება 36-ედ იზეიმა. „პისტონსი“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის და დიდი ალბათობით ზაზა ფაჩულიას თამაშს რეგულარულის დასრულების შემდეგაც ვიხილავთ. მანამდე კი დუეინ კეისის ბიჭები წარმატებული სვლის გაგრძელებას „კლივლენდთან“ მატჩში შეეცდებიან, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდებიან.

ასევე იხილეთ - ბითაძეს მორიგი MVP-ის ტიტული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები