გრიზმანი იმედგაცრუებულია და
Aa
Aa

გრიზმანი იმედგაცრუებულია და "ბარსელონაში" გადასვლას გეგმავს!

ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" 0:3-ის წაგების შემდეგ ანტუან გრიზმანი იმედგაცრუებულია და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, გრიზმანი "ბარსელონაში" გადასვლის ვარიანტს კვლავ განიხილავს.

როგორც მოგეხსენებათ კატალონიელებს ფრანგი ფორვარდის შეძენა 2018 წლის ზაფხულში სურდათ, მისთვის 7 ნომრიანი მაისურიც გამზადებული იყო, ამის გამო კოუტინიო 14 ნომრით ასპარეზობდა. შეთანხმებული იყო პირადი კონტრაქტის დეტალები, თუმცა ბოლო მომენტში გრიზმანმა გადაიფიქრა და მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა.

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ "ატლეტიკომ" უეფას სუპერ თასზე "რეალი" 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ გრიზმანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“აქ იმიტომ დავრჩი, რომ ძალიან კარგი პროექტი გვაქვს. "ატლეტიკო" და მისი მწვრთნელი ჩემში უდიდეს პატივისცემას და ნდობას იმსახურებენ. არაერთი შემოთავაზება მქონდა. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ხანს ვიფიქრე კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი დიეგო სიმეონეს ფორმაციის "ატლეტიკოშია". "რეალთან" სუპერ თასის მოგებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩემს არჩევანს ერთი წამითაც არ ვნანობ".

როგორც ჩანს, გრიზმანი თავის გადაწყვეტილებას უკვე ნანობს და პოზიციის შეცვლას გეგმავს.

ფრანგი ფეხბურთელის იმედგაცრუებას "იუვენტუსის" შემდეგ "ბილბაოსთან" სტუმრად მარცხიც დაემატა.

გრიზმანის დარჩენაში ერთ-ერთი მთავარი როლი დიეგო გოდინმა ითამაშა, რომელიც მას პირადად გაესაუბრა და გუნდის სახელით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიყოლია.

საინტერესოა, რომ თავად გოდინი "ატლეტიკოსთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს და კარიერას დიდი ალბათობით "ინტერში" გააგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ გრიზმანის კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლამდე არის გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა, თუმცა ეს ყველაფერი ძალაში 2019 წლის 1 ივლისისთვის შევა, მანამდე კი ანტუანის შეძენა 120 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი. ამ პუნქტის კონტრაქტში ჩადება თავად ფეხბურთელმა ისურვა.

ფრანგული გამოცემა თვლის, რომ გრიზმანის შეძენის სურვილი "ბარსას" კვლავ გააჩნია და მოლაპარაკებები მალევე განახლდება.

ასევე იხილეთ - ბრწყინვალე ვატო არველაძე! სოლორეიდი და მორიგი ულამაზესი გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები