ვინ თქვა, რომ მესი ლიდერი არ არის? როგორ არიგებდა ლეო გუნდელებს
Aa
Aa

ვინ თქვა, რომ მესი ლიდერი არ არის? როგორ არიგებდა ლეო გუნდელებს "ლიონთან" მატჩში

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში "ბარსამ" "კამპ ნოუზე" "ლიონს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

მატჩში იყო მონაკვეთი, როცა მოედანზე ვითარება საკმაოდ დაიძაბა და კატალონიელები დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ და ვალვერდემ ტრადიციულად ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი დაიწყო, რის გამოც მას კატალონიური პრესა მთელი სეზონია აკრიტიკებს.

1, ან 2 ბუთიანი უპირატესობის მიღების შემდეგ ბასკ სპეციალისტს პრაგმატულ სტილზე გადასვლა უყვარს, რაც როგორც წესი კარგად არ სრულდება ხოლმე და ამას ფაქტებიც გვიმტკიცებენ.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ბურთის დათმობამ ფრანგებს შანსები მისცა, რომელთაგან ერთ-ერთი მათ გამოიყენეს კიდეც. 1:2-ის შემდეგ "ბარსამ" მატჩის სადავეები დაკარგა და გუნდის თამაში აირია.

ქომაგების ნაწილში და ასევე პროფესიონალურ დონეზეც არსებობს მოსაზრება, რომ მესის ლიდერის თვისებები არ აქვს, ან თუ აქვს საკმაოდ მცირედით და მისგან ასეთ რაღაცებს მიჩვეულები არ ვართ.

ესპანურ პრესაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ამხნევებს და არიგებს ლეო თანაგუნდელებს.

 

ამ დაძაბული 15 წუთის დროს, მესიმ ყველა თანაგუნდელს ჩამოუარა და სათითაოდ უთხრა თუ როგორ უნდა ემოქმედათ დარჩენილ დროში, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და "ლიონის" კარში 3 გოლი გავიდა.

 

მატჩის შემდეგ ფრანგების კაპიტანმა ნაბილ ფეკირმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ჩვენ კარგად ვითამაშეთ, თუმცა ისტორიაში საუკეთესო მოთამაშემ ჩვენი დავალება შეუძლებელი გახადა. როდესაც მესი გოლს არ იტანს, ის საგოლე გადაცემას აკეთებს. როდესაც ის საგოლე გადაცემას არ აკეთებს, ის თამაშს ქმნის. ეს შეუძლებელი იყო".

ზოგადად ფეხბურთში ლიდეორობის თემა საკმაოდ ღრმა საკითხი გახლავთ და მხოლოდ ერთი მხრივ არ გამოიხატება.

არსებობენ ლიდერები, რომლებიც თანაგუნდელებს სიტყვითა და ემოციურად ამხნევებენ. ასევე არსებობენ მეორე სტილის ლიდერები, რომლებიც რთულ ეპიზოდებში თამაშის სცენარს ცვლიან და გუნდი გასაჭირიდან გამოჰყავთ.

ნებისმიერ შემთხვევაში ამ თემაზე დავა მუდამ გაგრძელდება, რადგან ეს ფეხბურთია და ლოგიკურად ასეც უნდა ხდებოდეს.

ასევე იხილეთ - "გინდ დაიჯერეთ გინდ არა" - კოშტას რონალდუ ეგოისტი მოთამაშე ეგონა, თუმცა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები