მოურინიო ზიდანის დაბრუნებას გამოეხმაურა
Aa
Aa

მოურინიო ზიდანის დაბრუნებას გამოეხმაურა

"რეალის" თავკაცის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნამდე უცხოური გამოცემები სანტიაგო სოლარის შემცვლელად ჟოზე მოურინიოსაც მოიაზრებდნენ. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში" იმუშავა და რამდენიმე თვეა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

"განსაკუთრებულის" დაბრუნებას "ლოს ბლანკოსის" გულშემატკივართა რაღაც ნაწილიც მოითხოვდა, მაგრამ "სამეფო კლუბის" მესვეურებმა არჩევანი "ზიზუზე" შეაჩერეს.

მოურინიომ მადრიდელთა გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა და კომენტარი ესპანურ ტელეარხ El Chiringuito TV-სთან გააკეთა.

"არა, რა თქმა უნდა იმედგაცრუებული არ ვარ! არასდროს მითქვამს, რომ "რეალის" თავკაცის პოსტზე დაბრუნება მსურდა და ვფიქრობ მადრიდელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს".

"გასულ წლებში ზიდანმა "რეალში" დიდი სამუშაო გასწია და გუნდთან ერთად სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ამიტომ მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება როგორც კლუბისთვის, ასევე "ზიზუსთვის", იდეალურია".

"მას ახალი პროექტი აქვს. ზიდანს შეუძლია ყველაფერი ნულიდან დაიწყოს და ყველას დაუმტკიცოს რამდენად ძლიერი და ნიჭიერი სპეციალისტია. მე მას წარმატებას ვუსურვებ".

ასევე იხილეთ - ''რეალმა'' ბრაზილიელი მცველი 50 მილიონად შეიძინა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები