Aa
Aa

"გოლდენ სტეიტის" დამაჯერებელი გამარჯვება და კლეი ტომპსონის ისტორიული შედეგი

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ფავორიტის სტატუსი კიდევ ერთხელ გაამართლა. გამთენიისას სტივ კერის ბიჭები ბრწყინვალედ მოასპარეზე „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდნენ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

ოკლენდელებს გასვლითი მატჩის ჩატარება კევინ დურანტის გარეშე მოუწიათ, რომელმაც შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. „კეიდის“ არყოფნის მიუხედავად „მეომრებმა“ „როქეთსის“ 9 მატჩიან წაუგებელი სერიას წერტილი დაუსვეს და მეტოქეს 106-104 სძლიეს.

„გოლდენ სტეიტის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი კლეი ტომპსონმა შეიტანა. 29 წლის მსროლელმა მცველმა აქტივში 30 ქულა ჩაიწერა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. NBA-ის არსებობის მანძილზე კლეი მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 200 სამქულიანის ჩაგდება მიჯრით 7 სეზონში მოახერხა.

პირველად ასეთი რამ ტომპსონის თანაგუნდელმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა, სტეფ კარიმ, გააკეთა. „ჰიუსტონთან“ მატჩამდე კლეის ანგარიშზე 198 სამიანი გახლდათ. ტეხასელების წინააღმდეგ მან პერიმეტრიდან 10 ტყორცნა განახორციელა და 5 გამოიყენა.

ტომპსონი წლევანდელ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და საშუალოდ 22.4 ქულას, 3.9 მოხსნას და 2.3 შედეგიან გადაცემას აგროვებს. რაც შეეხება სტივ კერის გუნდს, „უორიორსმა“ 46-ე გამარჯვება დაისაკუთრა და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერის პოზიციები გაიმყარა.

ოკლენდელები წარმატებული სვლის გაგრძელებას მომდევნო შეხვედრაში შეეცდებიან, რომელსაც კვლავ სტუმრად ჩაატარებენ. „გოლდენ სტეიტი“ პრინციპულ მეტოქეს, „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ - ბითაძე ადრიატიკილ ლიგის 21-ე ტურის MVP გახდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები