Aa
Aa

ბერნარდო სილვამ "სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელმა გარემარბმა, ბერნარდო სილვამ, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით იგი „ქალაქელთა“ ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.

2018 წლის იანვრის შემდეგ სილვა მეთერთმეტე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პეპ გუარდიოლას გუნდს საკუთარი მომავალი დაუკავშირა. კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ ბრიტანული გამოცემების ცნობით 24 წლის ფეხბურთელი ანაზღაურების სახით კვირაში 150 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

პორტუგალიელი გარემარბი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და „სიტის“ ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდება. ბერნარდომ გულშემატკივრების და თანაგუნდელების სიმპათიების დამსახურებაც მოახერხა.

„ქალაქელებთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ კომენტარი 24 წლის ფეხბურთელმაც გააკეთა და აღნიშნა:„მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის უდიდესი პატივია. ამ კლუბში ყველაფერია იმისთვის, რომ ფეხბურთელმა ამბიციები რეალობად აქციოს და სხვაგან ყოფნა ნამდვილად არ მსურს“.

„როგორც კი გავიგე, რომ „სიტის“ ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე. ეს კლუბი, მთავარი მწვრთნელი, თანაგუნდელები და გულშემატკივრები ძალიან მიყვარს“.

„თამაშის სტილი, რომელსაც „სიტი“ იყენებს, სიამოვნებას მანიჭებს. ტიტულების მოპოვება მსურს და აქ მიზნის მიღწევის ყველაზე დიდი შანსი მაქვს“.

ასევე იხილეთ - მარადონა: "რონალდუ ცხოველია"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები