Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "მაიამისთან" შერცხვა

„ბრუკლინთან“ განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ „მაიამი ჰითთან“ შერცხვა. „ნეთსის“ კალათბურთელებმა დუეინ კეისის გუნდს 103-75 სძლიეს, ფლორიდელებმა კი მეტოქე 34 ქულის სხვაობით, 108 - 74 გაანადგურეს.

„დეტროიტმა“ არსებობის მანძილზე  ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეორე ნახევარი ჩაატარა. ზაზა ფაჩულიამ და კომპანიამ გუნდის ანტირეკორდი გაიმეორეს. ESPN-ის ცნობით 24 წამის წესის შემოღების შემდეგ (1954 წ) მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, როცა „პისტონსის“ კალათბურთელებმა ერთ ტაიმში 25 ქულაზე მეტი ვერ დააგროვეს.

დუეინ კეისის კოლექტივმა მესამე მეოთხედში 8, გადამწყვეტ თორმეტწუთეულში კი 17 ქულა ჩააგდო. დეტროიტელებმა ამ პერიოდში 38 სროლიდან მხოლოდ 9 გამოიყენეს და 17 სამქულიანიდან კალათში ერთადერთი მოათავსეს.

„პისტონსის“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული სამმა კალათბურთელმა გადალახა. ბლეიკ გრიფინმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. უეინ ელინგტონი 11 ქულას დასჯერდა, ლუკ კენარდი კი 10 ქულით გამოირჩა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 13 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა.  ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

ზედიზედ მოგებული 5 შეხვედრის შემდეგ „დეტროიტმა“ მიჯრით მეორე მატჩი დათმო. „პისტონსი“ 34 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ - ბითაძე ადრიატიკილ ლიგის 21-ე ტურის MVP გახდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები