მჭედლიძეს მწვრთნელი ისევ გამოუცვალეს
Aa
Aa

მჭედლიძეს მწვრთნელი ისევ გამოუცვალეს

ტოსკანიურმა "ემპოლიმ" იტალიის სერია A-ს ბოლო 12 ტურში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა, რის გამოც გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა და დარჩენილ ტურებში უმძიმესი ბრძოლა ელის. 

ემპოლელებმა ორშაბათს სტუმრად "რომას" წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ითამაშეს და ქულის აღებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს, რასაც მათი მთავარი მწვრთნელის, ჯუზეპე იაკინის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

იაკინი "ემპოლის" დამრიგებლად ნოემბრის დასაწყისში დაინიშნა, რის შემდეგაც ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში გუნდმა 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 8 დათმო. აღსანიშნავია, რომ იაკინიმ პოსტზე აურელიო ანდრეაცოლი ჩაანაცვლა, რომელიც ასევე უარყოფითი შედეგების გამო დაითხოვეს.

გუშინ საღამოს იაკინის "ემპოლიდან" გაშვების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მის თანამდებობას ისევ ანდრეაცოლი დაიკავებს და ტოსკანიელთა სერია A-ში დატოვებას ეცდება.

აურელიო ანდრეაცოლი 65 წლისაა და კარიერის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა გუნდებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში აქვს გატარებული. იგი ყველაზე დიდი ხნით ლუჩიანო სპალეტის ეხმარებოდა, რომელთან ერთადაც "უდინეზესა" და "რომაში" მუშაობდა.

დავამატოთ ისიც, რომ ანდრეაცოლის ხელმძღვანელობით "ემპოლიმ" წლევანდელი სეზონის საწყის 11 ტურში ითამაშა და მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა.

დავამატოთ ისიც, რომ ლევან მჭედლიძეს ანდრეაცოლისთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ქართველს იგი ბევრად უფრო ენდობოდა, ვიდრე -  ჯუზეპე იაკინი. ლევანს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი არ გაუტანია. იგი მოახლოებულ სანაკრებო მატჩებს ტრავმის გამო ტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები