Aa
Aa

მატჩის წინ - ბარსელონა VS ლიონი

საფრანგეთში ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ, „ბარსელონა“ და „ლიონი“ უკვე „ნოუ კამპზე“ შეხვდებიან და 1/4 ფინალში გამსვლელს გამოავლენენ.

გუნდებს შორის აქამდე 7 მატჩია გამართული, რომელთაგანაც ლიონელებმა ვერცერთი ვერ მოიგეს, მათ აქტივში მხოლოდ 3 ფრეა. უშუალოდ კატალონიაში მეტოქეები 3-ჯერ დაუპირისპირდნენ და სამივე თამაში „ბარსამ“ მინიმუმ 2 ბურთით მოიგო.

ესპანელებმა უქმეებზე შედარებით მსუბუქი მატჩი ჩაატარეს და „რაიო ვალეკანოს“ 3:1 აჯობეს. ზოგადად, „ბლაუგრანას“ ბოლო 16 ოფიციალურ შეხვედრაში მხოლოდ 1 წაგება აქვს.

მასპინძელთა შორის რაფინია უეჭველად ვერ ითამაშებს, დემბელესა და ვერმაელენის საკითხი კი მატჩის დაწყებამდე გაირკვევა.

ერნესტო ვალვერდე „ლიონს“ აქებს და ამბობს, რომ გუნდს რამდენიმე კარგი იარაღი აქვს, განსაკუთრებით კი სწრაფი შემტევები გამოირჩევიან. გასვლაზე გატანილ გოლს უდიდესი ფასი ექნება და ესპანელთა დამრიგებელი სწორედ ამაზე აქცენტირებს.

„ის ფაქტი, რომ რეალი და პსჟ ტურნირს გამოეთიშნენ მნიშვნელოვანია. ეს ლიონთან თამაშისას უნდა გვახსოვდეს. ვფიქრობ ლიონი დიდებული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს. ასე რომ მოედანზე ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. მათ იციან გასვლაზე გატანილი გოლი რამდენად მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მათ სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ და ვფიქრობ ამ იარაღს გამოიყენებენ. ამ შეხვედრაში გოლის გატანა ყველაზე მნიშვნელოვანია, და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ თუ მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს.“

სრული ძალებითა და მობილიზაციის ამ მატჩზეა გადართული „ლიონი“, რომელიც უკვე კვირებია „ნოუ კამპისთვის“ ირაზმება. გუნდმა უქმეებზე „სტრასბურგის“ წინააღმდეგ სტუმრად 2:2 ითამაშა, ბრუნო ჟენეზიომ კი რამდენიმე ლიდერს, მათ შორის, ფეკირს, დეპაის, ნდომბელესა და ტრაორეს დასვენების საშუალება მისცა.

ფრანგების თავკაცის თქმით, „აიაქსის“ მიერ შესრულებული „ქამბექი“ მის გუნდს კიდევ უფრო აიმედებს და მნიშვნელოვანია, რომ მისმა ფეხბურთელებმა თავიანთი თამაშის ჩვენება შეძლონ.

„რეალთან აიაქსის წარმატება ძალას გვმატებს. ამ შეხვედრაში ბევრი რამ მესიზე იქნება დამოკიდებული. ჩვენს გეგმებში მისი გავლენის და საერთოდ რისკების შემცირება შედის. მეეჭვება რომ ეს შეხვედრა 0:0 დასრულდეს. უნდა გავიტანოთ და მზად უნდა ვიყოთ რომ შეიძლება გაგვიტანონ. მოედანზე თავისუფლად უნდა გავიდეთ და ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ვიცით რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და ეს რთული მატჩი იქნება. თუმცა გვჯერა რომ სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია, რადგან ეს აქამდეც გაგვიკეთებია. მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და იმ გულშემატკივარს პატივი უნდა ვცეთ, რომლებმაც ბევრი კილომეტრი დაფარეს რათა ჩვენ გავემხნევებინეთ. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე შემთხვევით არ მოვხვდით.“

„ბარსელონა“ და „ლიონი“ დღეს, ჩვენი დროით ღამის 12 საათიდან ითამაშებენ. შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, მთავარი კაცი კი შიმონ მარცინიაკი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები