Aa
Aa

მატჩის წინ - ბაიერნი VS ლივერპული

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დარჩენილი ორი მატჩი დღეს გაიმართება, მათგან ერთ-ერთში ევროპული ფეხბურთის ორი გრანდი - „ბაიერნი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

გუნდებმა ინგლისში ნულოვანი ფრე ითამაშეს, რაც საკითხს ღიად ტოვებს და უაღრესად საინტერესო თამაშს გვპირდება.

მიუნხენელებმა შესანიშნავი ფორმა აკრიფეს და ბუნდესლიგის ბოლო 2 ტურში 11 გოლის გატანა შეძლეს. მათ ჯერ „გლადბახს“ სტუმრად 5:1 აჯობეს, გასულ უქმეებზე კი „ვოლფსბურგი“ 6:0 გაანადგურეს.

ჯოშუა კიმიხსა და ტომას მიულერს დისკვალიფიკაცია აქვთ, რობენი და ტოლისო კი ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ, საეჭვოა კომანის მოედანზე გასვლაც.

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მერვე 1/4 ფინალს უმიზნებს. მისი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის თქმით, წნეხი არსებობს, თუმცა მისი გუნდი თამაშს პოზიტირი განწყობით ხვდება.

„ამ თამაშში გამოჩნდება თუ როგორ გვინდა მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლა. ძალიან რთული მატჩი იქნება. ამ შეხვედრაში ფავორიტს ვერ დაასახელებ. თავდასხმაში უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ და მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ვიცით რომ ლივერპულს ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს. ეს პირველ შეხვედრაშიც ვიხილეთ. თუმცა ამის მიუხედავად გოლის გატანა მაინც შესაძლებელია. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, რაც მცირე უპირატესობას გვაძლევს. ფანებისგან წამოსული მუხტი კი მთლიან გუნდზე იმოქმედებს და ვეცდებით შეტევაში აქტიურები ვიყოთ.“

მეტოქისგან განსხვავებულ ხასიათზეა „ლივერპული“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ ლიგის ლიდერობა დაკარგა, გასულ უქმეებზე კი საკუთარ მოედანზე „ბარნლისგან“ 2 გოლი გაუშვა, რაც დაცვის არცთუ დამაჯერებელ თამაშზე მეტყველებს.

ლივერპულელებმა ბოლო 8 ოფიციალური მატჩიდან 5 ფრედ ითამაშეს, მათგან 3-ჯერ კი საერთოდ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

სტუმართა მხრიდან ჯო გომესი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ვერ ითამაშებენ, ორივე მათგანი ტრავმირებულია.

იურგენ კლოპი მიიჩნევს, მისმა გუნდმა ხასიათი უნდა აჩვენოს და პირველივე წუთებიდან წარმოაჩინოს, თუ როგორ სურს, 1/4 ფინალში გასვლა.

„ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ბაიერნი მოედნიდან გავაგდოთ, ამას ვერც შევძლებთ, რადგან ბაიერნი ასეთი სუსტი გუნდი არაა. მე მხოლოდ მოგება მჭირდება, მეტი არაფერი. თამაშში პირველივე წუთებიდან მაქსიმალურად ჩართულები უნდა ვიყოთ და ყველას დავანახოთ თუ როგორ გვინდა მეოთხედფინალში გასვლა. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ შემდეგ ეტაპზე თამაშს დავიმსახურებთ, ხოლო თუ ბაიერნი გვაჯობებს, მაშინ ეს მათი დამსახურებული გამარჯვება იქნება. ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო უყურებს და ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ეს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი მატჩები მოყვება. არ მსურს ბაიერნის ფანები გავაღიზიანო, მაგრამ ლივერპულის გულშემატკივარს მივმართავ - არ მოგერიდოთ და ბოლომდე დაიხარჯეთ. თქვენ დიდი ხმაური შეგიძლიათ, რომელიც მატჩზე გავლენას მოახდენს. ჩვენ ერთად ბევრი დიდებული მომენტი გვახსოვს. ბაიერნი მსოფლიო დონის კლუბია, რაც ყველამ კარგად იცის. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ამ სტატუსის დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ. თამაშისას იქმება მომენტები როდესაც მოედანზე ჩვენს დომინაციას იხილავთ, და იქნება მომენტები - ალბათ უფრო მეტი - როდესაც მთავარ როლში ბაიერნი მოგვევლინება. თუმცა ჩვენ დაბალანსებულად უნდა ვითამაშოთ და გოლის გატანა ვცადოთ.“

„ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება, მისი მთავარი არბიტრი კი იტალიელი დანიელე ორსატო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები