Aa
Aa

მატჩის შემდეგ - იუვენტუსი VS ატლეტიკო

მადრიდში წაგებული 0:2-ის შემდეგ, ტურინის „იუვენტუსმა“ საკუთარ გულშემატკივრებს უსაზღვრო ემოციები აჩუქა და „ატლეტიკოს“ საპასუხო შეხვედრა 3:0 მოუგო. ბენეფისი მოიწყო კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც „ათლეტებს“ თავით 2 გოლი გაუტანა, შემდეგ კი პენალტიდანაც შეაგდო და ჩემპიონთა ლიგის მორიგი ხმაურიანი „ქამბექი“ შედგა.

მატჩი იტალიელთა უპირატესობით დაიწყო, „ატლეტიკოს“ კი მაღალი პრესინგის თამაში არც უცდია და საკუთარ ნახევარზე გამაგრდა. „ბებერმა ქალბატონმა“ სწრაფი გოლის გატანა ვერ შეძლო, თუმცა 27-ე წუთზე ფედერიკო ბერნარდესკის ჩაწოდების შემდეგ რონალდუმ ანგარიში გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე რონალდუს კიდევ ერთი გოლი მოჰყვა, მან ამჯერად ჟოაო კანსელოს პასით შეაგდო.

მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ბერნარდესკიმ 85-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც რონალდუმ გოლად გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვეს“ დამრიგებელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კრიტიკოსებს პასუხი გასცა, თუმცა პრესკონფერენციისას ამის გამო კმაყოფილება საერთოდ არ გამოუხატავს.

„ძალიან გამიკვირდებოდა, რომ რონალდუს წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ერთი გოლით დაესრულებინა. მან დიდებული მატჩი ჩაატარა. მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ეს გამარჯვება ნაწილობრივ გულშემატკივრების დამსახურებაა, მათ გუნდს და ფეხბურთელებს აიძულეს, რომ ასეთი ფეხბურთი ეთამაშათ. იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი არაა, ჩვენ თასის მოგების ერთ-ერთი კანდიდატები ვართ. ეს კი როგორც ყოველთვის ჩვენი მთავარი მიზანია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს უნდა ითამაშოს. ცხადია თასის მოგება შეუძლებელია თუ მერვედფინალს ვერ გაცდები, მარტივი კონცეფციაა, ამის გაგებას ჰარვარდში სწავლა არ სჭირდება. თუ კარგად იასპარეზებ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გაქვს. სხვა შემთხვევაში კი სახლში დაბრუნება, ევროპა ლიგაზე თამაში ან სხვა გუნდების ყურება მოგიწევს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.“

საკუთარი გუნდის ცუდი თამაში აღიარა დიეგო სიმეონემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „იუვენტუსმა“ უკეთესად ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.

„გულწრფელად გეტყვით, მშვიდად ვარ, რადგან მოედანზე ფეხბურთელებმა რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. პირველ შეხვედრაში ჩვენ უკეთესაც ვითამაშეთ, მათ კი ჩვენზე ცუდად, დღეს კი ყველაფერი პირიქით მოხდა. თვალსაჩინოა, რომ იუვენტუსმა ტაქტიკურად გვაჯობა. ისინი უფრო აგრესიულები იყვნენ და მოგების სურვილი ჩვენზე მეტად ჰქონდათ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ მათი შემოტევებისგან თავი დაგვეღწია. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მატჩისთვის საკმარისად კარგად არ მოვემზადეთ. უბრალოდ მოწინააღმდეგე გუნდი უკეთესი იყო. გუნდს კი რომელმაც ჩვენი დამარცხება შეძლო და ჩვენზე კარგად ითამაშა, შემიძლია მხოლოდ მივულოცო. მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი თამაშის პოვნას ვცდილობდით. პირველ ტაიმში, მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლო მორატამ კარისკენ დარტყმა. მეორე ტაიმში კი გოლის გატანის შანსიც ვერ შევქმენით. გამარჯვება რომ დაიმსახურო სახიფათო მომენტები უნდა შექმნა და გოლები გაიტანო, სხვა შემთხვევაში კი მოწინააღმდეგე გუნდს უნდა მიულოცო.“

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მერვე ჰეთ-თრიქი მიითვალა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუთანაბრდა. საინტერესოა ისიც, რომ მან უშუალოდ „ატლეტიკოს“ კარში ერთ მატჩში 3 გოლი მეოთხედ გაიტანა.

პორტუგალიელმა გუშინდელის მსგავსი რამ 2015-2016 წლების სეზონშიც გააკეთა, როცა „რეალმა“ სტუმრად „ვოლფსბურგთან“ 0:2 წააგო, განმეორებით თამაშში კი „სამეფო კლუბის“ ვარსკვლავმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ბლანკოსი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა. კრიშტიანუს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 124 გოლი მოუგროვდა.

ამრიგად, „ქამბექების“ ფლეი-ოფი გრძელდება, „იუვენტუსის“ მომდევნო მეტოქე კი 15 მარტს გასამართი წილისყრისას გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები