Aa
Aa

NBA-მ რასელ უესტბრუკი დააჯარიმა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ სუპერვარსკლავი, რასელ უესტბრუკი, 25000 დოლარით დააჯარიმა. საქმე „იუტა ჯაზთან“ მატჩში მომხდარ ინციდენტს ეხება. 30 წლის გამთამაშებელმა „ჯაზმენების“ ერთ-ერთ ქომაგსა და მის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

უესტბრუკმა შეხვედრის შემდეგ საკუთარი ქმედება ახსნა და განაცხადა, რომ „იუტას“ გულშემატკივარმა მას რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ „ჯაზის“ ქომაგი ყველაფერს უარყოფს და მიაჩნია, რომ რასელმა მისი ფრაზები არასწორად გაიგო. იგი „თანდერის“ კალათბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია „იუტა ჯაზის“ ხელმძღვანელობამაც დააფიქსირა. მათ უესტბრუკის მხარე დაიჭირეს და გულშემატკივარს საშინაო მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალეს. გუნდის მესვეურების გარდა რასელს თანადგომა „ჯაზმენების“ კალათბურთელებმაც გამოუცხადეს. რუდი გობერმა, ტაბო სეფოლოშამ და დონოვან მიჩელმა ქომაგი საჯაროდ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ NBA-ში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს.

წლევანდელ სეზონში როგორც „ოკლაჰომა“, ასევე „იუტა“ პლეიოფში საშინაო კედლების უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძვიან. თანდერი მეოთხე ადგილზე იმყოფება, „ჯაზი“ კი მერვე პოზიციას იკავებს.

ასევე იხილეთ - კიდევ ერთხელ - მატჩის MVP! ბითაძემ ყოფილ გუნდს 22 ქულა ჩაუგდო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები