Aa
Aa

მატჩის წინ - სიტი VS შალკე

მანჩესტერელებმა გერმანიაში გამართულ მატჩში დაამტკიცეს, რომ „შალკეზე“ ბევრად მაღლა დგანან და მეტოქეს თამაში 10 კაცითაც შეუტრიალეს.

პეპ გუარდიოლას გუნდს 1:2-ზე ოტამენდი გაუძევეს, თუმცა ამან „ქალაქელები“ არ დააბნია და მათ დარჩენილ დროში 2 გოლი შეაგდეს, რითაც საპასუხო შეხვედრას კომფორტული უპირატესობით - 3:2-ით ხვდებიან.

მანჩესტერელები მშვენიერ ხასიათზე არიან, მათ უქმეებზე „უოტფორდს“ 3:1 მოუგეს და პრემიერ ლიგის ლიდერობა შეინარჩუნეს. „ქალაქელთა მხრიდან ოტამენდისა და ფერნანდინიოს დისკვალიფიკაცია აქვთ, სტოუნსი, ბრავო და დე ბრუინი კი დაშავებულები არიან.

გუარდიოლამ მატჩისწინა პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ მისი გუნდი 100%-ით კონცენტრირებული უნდა იყოს და უპირატესობის შესანარჩუნებლად ბევრი იბრძოლოს.

„გაგვიმართლა, რომ წინა შეხვედრა 3:2 დასრულდა და ჩვენ ეს უპირატესობა გვაქვს. წინ დიდი სამუშაო გვაქვს, მშვიდები და მატჩის მოგებაზე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. რაც შალკესთან პირველ დაპირისპირებაში მოხდა, იგივე შესაძლოა დღესაც განმეორდეს, ასე რომ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. დიახ ჩვენ ფავორიტები და უკეთესი გუნდი ვართ, თუმცა ეს ერთი თამაშია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“

ძალიან ცუდ ფორმაშია „შალკე“, რომელმაც ბოლო 9 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. დომენიკო ტედესკოს გუნდმა ბუნდესლიგის შეხვედრა პარასკევს ჩაატარა და სტუმრად „ვერდერთან“ 2:4 წააგო.

გერმანელთაგან ტრავმის გამო შიოფპი, მასკარელი და კალიჯური ვერ ითამაშებენ. მათი ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის თქმით, მისმა ფეხბურთელებმა სწორედ დღეს უნდა დაამტკიცონ, რომ ტოპ კლასის გუნდების წინააღმდეგ თამაში შეუძლიათ.

„ამ შეხვედრაში ჩვენ აშკარა აუტსაიდერები ვართ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სიტისთან ძალებს არ დავზოგავთ. პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია 58-ე წუთზე 2:1-ს ვიგებდით, თუმცა შემდეგ 2:2 და ყველამ ვნახეთ რაც მოხდა... იმაზე კარგად უნდა ვითამაშოთ ვიდრე პირველ მატჩში. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ისევ ბუნდესლიგაზე გადავერთვებით.“

„სიტისა“ და „შალკეს“ შეხვედრა თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 36 წლის კლემენ ტურპენი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები