Aa
Aa

კევინ დურანტმა ტრავმა მიიღო

NBA-ის მოქმედი ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ სუპერვარსკლავმა, კევინ დურანტმა, „ფინიქსთან“ მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო. „კეიდის“ მეოთხე მეოთხედში ფეხი გადაუბრუნდა და პარკეტის დატოვება მოუწია.

დურანტის გასვლამ „მეომრებზე“ უარყოფითად იმოქმედა და ოკლენდელები წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აუთსაიდერთან დამარცხდნენ. დაზიანების სირთულის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 30 წლის კალათბურთელს გამოკვლევები უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება და დეტალები მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება.

შეხვედრის შემდეგ დურანტის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმაც, გააკეთა. ამ უკანასკნელმა „უორიორსის“ ქომაგები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ სერიოზული არაფერია, მაგრამ ისიც დაამატა, რომ დაზუსტებით არაფრის თქმა შეუძლია.

„მეომრები“ წლევანდელ სეზონში ჩემპიონობის მოსაპოვებლად იბრძვიან და კევინ დურანტის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. ოკლენდელები ამჟამად დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას სტუმრად, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი, „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

ასევე იხილეთ - 2 მედალი ლას ვეგასიდან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები