Aa
Aa

"ჰიუსტონის" ბრწყინვალე დუეტის ბენეფისი

NBA-ის სეზონის დასკვნით ნაწილს ჯეიმს ჰარდენისა და კრის პოლის „ჰიუსტონი“ შესანიშნავ ფორმაში შეხვდა. მაიკ დენტონის ბიჭებს დიდი ხანია არ წაუგიათ და გამონაკლისი არც „დალასთან“ მატჩი აღმოჩნდა.

„როქეთსისა“ და „მავერიქსის“ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დირკ ნოვიცკის და კომპანიას სასურველი შედეგის დაფიქსირება ბოლო წამებზე შეეძლოთ, მაგრამ ჯეილენ ბრანსონის სროლამ მიზანს არ უწია და „ჰიუსტონმა“ მინიმალური სხვაობით, 94-ით 93, იმარჯვა.

ტეხასური დერბი „როქეთსის“ ბრწყინვალე დუეტის, ჯეიმს ჰარდენისა და კრის პოლის ბენეფისად იქცა. „წვერამ“ მიმდინარე სეზონში მესამასე სამქულიანი ჩააგდო. იგი სტეფ კარისთან ერთად NBA-ის ისტორიაში ერთადერთია, ვინც სეზონში მინიმუმ სამასი სამიანი მოათავსა. „ოქროს ბიჭუნას“ ასეთი რამ ორჯერ აქვს გაკეთებული. 2015-16 წლებში მან პერიმეტრიდან 402 სროლა გამოიყენა, 2016-17-ში კი 324.

რაც შეეხება კრის პოლს, მან შეხვედრა 9 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. 33 წლის გამთამაშებელმა NBA-ის საუკეთესო მეპასეთა შორის ლეგენდარულ აიზეა ტომასს გადაასწრო და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. პოლის ანგარიშზე 9067 ასისტია. მეექვსე პოზიციაზე მყოფ ოსკარ რობერტსონს იგი 820 პასით ჩამორჩება.

„მავსთან“ მოპოვებული გამარჯვების შედეგად „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზე დაწინაურდა. მაიკ დენტონის კოლექტივს 41 გამარჯვება აქვს და ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ მხოლოდ 4 მოგებით ჩამორჩება. „როქეთსი“ წარმატებული სვლის გაგრძელებას კემბა უოკერის „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ შეეცდება, რომელსაც საკუთარ პარკეტზე 12 მარტს შეერკინება.

ასევე იხილეთ - "წინ რუსეთთან მატჩია და მასთან გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს“ - მატჩის შემდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები