ფედერერი ბასილაშვილს აქებს:
Aa
Aa

ფედერერი ბასილაშვილს აქებს: "მისმა ძალამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა"

კარიერაში 100 ტიტულისა და მათ შორის 20 დიდი სლემის მფლობელმა 37 წლის ლეგენდამ როჯერ ფედერერმა ინდიან ველსის მასტერსის დაწყების წინ პრესასთან ისაუბრა.

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა კომენტარი მოულოდნელად ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებაც გააკეთა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"ვფიქრობ, ბასილაშვილი ყველაფერს კარგად აკეთებს. მისი თამაშის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მასთან ერთად ბევრი ნამდვილად არ მივარჯიშია, შესაძლოა საერთოდ არასდროს.

ბასილაშვილს მხოლოდ ერთხელ დავუპირისპირდი და ეს ავსტრალიის ღია პირველობაზე მოხდა. ეს პირველი, ან მეორე წრე იყო. რთული მატჩი იყო, შესაძლოა ის მაშინ იმ დონეზე არ იმყოფებოდა როგორც ახლა არის.

მისმა ძალამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს საჩუქარია, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ესწავლა მოთმინება.

მე მახსოვს შესანიშნავი შეხვედრა ამერიკის ღია პირველობაზე ბასილაშვილსა და ნადალს შორის, რომელიც ცენტრალურ კორტზე შედგა. ამ შეხვედრამ ჩემზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა".

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ითამაშა, რითაც 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ახალი პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო კლასიფიკაციის მე-18 საფეხურზე აღზევდა.

ნიკას აქტივში 1865 ქულაა, რაც მე-17 ადგილზე მყოფ ფაბიო ფონინის შედეგზე 20 ქულით ნაკლებია. რაც შეეხება საუკეთესო თხუთმეტეულს, მასთან ამჟამინდელი სხვაობა 365 ქულაა.

ფედერერის მსგავსად ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ინდიან უელსში იქნება, რომელიც 7-დან 17 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

ფედერერი VS ბასილაშვილი 6:2, 6:1, 6:2


 

ასევე იხილეთ - „შენ მიხდი და მე მივდივარ“ - "აიაქსთან" მატჩის შემდეგ გასახდელში რამოსი პერესს დაუპირისპირდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები