მასიმო მორატი -
Aa
Aa

მასიმო მორატი - "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ინიესტას და მესის შეძენა სურდა

მასიმო მორატის სახელს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკავშირდება. "ინტერში" ყოფნისას მან ისეთი ფეხბურთელები შეიძინა, როგორებიც რონალდო, ვიერი, კარლოსი, კრესპო, ადრიანო, მაიკონი, ბაჯო, იბრაჰიმოვიჩი, ფიგუ, ვიეირა და ეტოო იყვნენ.

როგორც გაირკვა "ნერაძურის" მმართველს გაცილებით დიდი ამბიციებიც ჰქონია. Corriere della Sera-სთან საუბრისას მორატიმ ძველი ისტორიები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლიონელ მესის და ანდრეს ინიესტას შეძენაც სურდა.

"მესის 18-წლამდელთა მუნდიალის შემდეგ ვაკვირდებოდით. მისი გადაბირებით დაინტერესებული ვიყავით და ესპანეთში ჩვენი წარმომადგენლები გავგზავნეთ. "ინტერის" სკაუტები მალევე დაბრუნდნენ და მესისა და "ბარსელონას" შორის არსებული დამოკიდებულების შესახებ მომახსენეს. არგენტინელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კატალონიელები მათ გადასაჭრელად ყველაფერს აკეთებდნენ... ვფიცავ ისინი მესიზე ისე ზრუნავდნენ, როგორც მამა ზრუნავს შვილზე".

არგენტინელის ტრანსფერთან დაკავშირებით განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად მორატი არ დანებებულა. მან კატალონიელთა კიდევ ერთი ფეხბურთელის, ანდრეს ინიესტას, შეძენაც დააპირა.

"წარუმატებელი მცდელობები?!ინიესტას ტრანსფერის შესახებაც შემიძლია ვისაუბრო... ერთხელ "ბარსელონას" მმართველებს შევხვდი. მაშინ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გვქონდა და ვთვლიდით, რომ მათ დაყოლიებას ნებისმიერი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოვახერხებდით. "ბლაუგრანას" მესვეურებს რამდენიმე მოთამაშის შესახებ ვესაუბრე, მაგრამ როცა ინიესტას სახელი ვახსენე, მათი დამოკიდებულება წამიერად შეიცვალა. მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენს შევთავაზებდით. ისინი მას არასდროს გაყიდიდნენ".

ასევე იხილეთ - "Crystalbet ეროვნული ლიგის" მეორე ტურის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები