Aa
Aa

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს" - მოურინიოს „რეალში“ დაბრუნება თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია

„აიაქსთან“ შერცხვენის შემდეგ ფლორენტინო პერესი სანტიაგო სოლარის გაშვებაზე დაფიქრდა.

არგენტინელი სპეციალისტი თანამდებობის დატოვებასთან ერთ ნაბიჯშია და კლუბი ამ საკითხს უკვე განიხილავს.

თუ სოლარის სეზონის დასრულებამდე გაუშვებენ, მისი შეცვლის ყველაზე რეალური კანდიდატი ჟოზე მოურინიოა, რომლის შესახებაც პრესა უკვე დიდი ხანია საუბრობს.

ბრიტანული Telegraph-ი წერს, რომ მოურინიოს „რეალში“ დაბრუნება თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია.

წყარო არ აკონკრეტებს თუ როდის მოხდება ეს - ზაფხულში, თუ მიმდინარე სეზონშივე.

ამ ეტაპზე მადრიდიდან მოურინიოსთვის ჯერ არავის დაურეკავს, ისევე როგორც ჟოზეს აგენტის ჟორჟე მენდეშისთვისაც.

ჟოზეს „რეალში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ ბოლო დღეებში ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა და ამის შესახებ საინტერესო კომენტარებიც მოვისმინეთ.

მაგალითად, რივალდომ ლა ლიგის ეგიდით გასამართი „კლასიკოს“ წინ ასეთი კომენტარი გააკეთა: "თუ სოლარი კვლავ წააგებს კლასიკოს, მოურინიოსთან მოლაპარაკებები დაიწყება".

თავად მოურინიომ რამდენიმე დღის წინ beIN Sports-თან საუბარში „რეალში“ დაბრუნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა: „პრობლემა არ არის, მადრიდში დავბრუნდებოდი. საამაყოა, როდესაც ისეთი კლუბი როგორიც „რეალია“ შენი დაბრუნება სურს“.

მადრიდელთა ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა მოურინიოს შესაძლო დაბრუნებაზე ასეთი რამ თქვა: „მაქვს შეგრძნება, რომ მოურინიო „რეალში“ მომავალ სეზონში დაბრუნდება. ამის საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს. გეტყვით, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს“.

ერთი რამ კი ფაქტია - პერესი ცვლილებებზე უკვე აქედანვე ფიქრობს. გუნდს ბევრი მოთამაშე დატოვებს და ბევრიც მოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქომაგები თავად პერესის გადადგომასაც ითხოვენ...

აქვე გეტყვით, რომ მადრიდული გამოცემები გუნდში ზინედინ ზიდანის დაბრუნებასაც არ გამორიცხავენ და მოურინიოსთან ერთად სწორედ ფრანგის გვარი ფიგურირებს, თუმცა სულ სხვა საქმეა რას ფიქრობს ამის შესახებ თავად ზიზუ.

მოურინიოსთან და ზიდანთან ერთად სახელდება ალეგრისა და პოჩეტინოს გვარებიც...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები