დი ფრანჩესკომ უეფას წესები დაარღვია! -
Aa
Aa

დი ფრანჩესკომ უეფას წესები დაარღვია! - "რომა" 49 წლის სპეციალისტს დღეს გაათავისუფლებს?

„პორტუსთან“ გუშინდელ 120 წუთიან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ მედიასთან ურთიერთობას თავი აარიდა. როდესაც მისი შეგირდები სხვადასხვა გამოცემებს ინტერვიუებს აძლევდნენ, დი ფრანჩესკო კლუბის ავტობუსში განმარტოვებით იჯდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მწვრთნელებს ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების ვალდებულება აქვთ, დიდი ალბათობით, დი ფრანჩესკოს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

იტალიური გამოცემები ბოლო კვირებია აქტიურად წერენ, რომ თუკი „ჯალოროსი“ „პორტუს“ ბარიერის დაძლევას ვერ შეძლებდა, 49 წლის სპეციალისტს თანამდებობიდან დაითხოვდნენ. როგორც ჩანს, პოსტზე დარჩენაზე აღარც დი ფრანჩესკო ფიქრობს და ვარაუდობენ, რომ „რომა“ დღეს მისი გაშვების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

რომაელთა შემტევის, დიეგო პეროტის თქმით, დი ფრანჩესკო ფეხბურთელების თამაშით იმედგაცრუებული იყო, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ „რომას“ თითოეულმა მოთამაშემ კლუბისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის 120 წუთის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომა.

„მთავარი მწვრთნელი ყველა ჩვენგანით იმედგაცრუებული იყო. თუმცა, თოთოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გაიღო და, ბუნებრივია, წაგება და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არავის სურდა. 120 წუთიანი ბრძოლის შემდეგ ასეთი წაგება ძალიან გულდასაწყვეტია, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით.

უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ყველა მწვრთნელს მხარში ვუდგავართ და დღეს ნებისმიერი რომაელისთვის რთული მომენტია. დი ფრანჩესკო გადაწყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს, თუმცა ყველა ფეხბურთელი ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა და როგორც „რომასთვის“, ისევე სამწვრთნელო შტაბისთვის ყველაფერს აკეთებდა.

რაც შეეხება ბოლო წუთებზე შიკის საჯარიმოში წაქცევას, ამ ეპიზოდზე მსაჯს უნდა ჰკითხოთ. ერთადერთი, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ ისაა, რომ იგი ვიდეოს სანახავად არ მივიდა. როცა სისტემა ხელმისაწვდომია, იგი უნდა გამოიყენო“.

„პორტუმ“ „რომა“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში საერთო ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ამ ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა 2015 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

„რომამ“ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში სწორედ დი ფრანჩესკოს ხელმძღვანელობით ითამაშა. იგი „ჯალოროსის“ სათავეში 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები