მატჩის შემდეგ - პსჟ VS მანჩესტერი
Aa
Aa

მატჩის შემდეგ - პსჟ VS მანჩესტერი

საკუთარ მოედანზე უიმედო წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პარიზში „პარკ დე პრენსზე“, პსჟ-ს წინააღმდეგ საფეხბურთო სასწაული მოახდინა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.

პარიზელებს თავიანთი ლიდერი, ნეიმარი აკლდათ, მანჩესტერელებს კი ერთბაშად 10 ფეხბურთელი ვერ ეხმარებოდა, რის გამოც სასტარტო თერთმეტეულში მაკტომინაი ვიხილეთ, ცვლილებებზე კი თინეიჯერები - ჩონგი და გრინვუდი გამოვიდნენ. ამ უკანასკნელმა თავისი გუნდის რეკორდი დაამყარა და „წითელ ეშმაკთა“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა. გრინვუდი გუშინდელი მატჩისას 17 წლისა და 156 დღის იყო, მან ხერარდ პიკეს შედეგი გააუმჯობესა.

„წითელმა ეშმაკებმა“ მაგიური ძალები მე-2 წუთიდან ჩართეს, როცა რომეულო ლუკაკუმ ანგარიში გახსნა, რასაც მალევე ფრანგების გამათანაბრებელი გოლი და ჯიჯი ბუფონის შეცდომის შედეგად, ლუკაკუს კიდევ ერთი შედეგიანი დარტყმა მოჰყვა.

მატჩის ბოლო წუთებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, 90-ე წუთზე კი სლოვენიელმა რეფერიმ, დამირ სკომინამ პარიზელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან მარკუს რაშფორდი მივიდა, ზუსტად დაარტყა და თავისიანები ტურნირის საუკეთესო 8 გუნდში გაიყვანა.

ოლე-გუნარ სოლსკიაერისთვის „იუნაიტედთან“ ერთად მიღწეული „ქამბექები“ უცხო არაა, კლუბის გუშინდელი გამარჯვება კი მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სენსაციურ წარმატებად ჩაიწერება. ნორვეგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისმა ფეხბურთელებმა დავალებები შესანიშნავად შეასრულეს და თითოეულ მათგანს საკუთარი თავის ბოლომდე სჯერა.

„ჩვენი გეგმა შევასრულეთ. არ ვაპირებდით რომ ბურთი დაგვეჭირა და ისე გვეთამაშა, რადგან თუ პსჟ-ს ზონებს გაუთავისუფლებ მბაპესთან ერთად ყველამ ვნახეთ რაც ხდება. ამის გამო პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტში ჩვენი დაცვის ხაზი ჩავარდა. ჩვენი გეგმა პირველი გოლის გატანა და თამაშში დარჩენა იყო. ვიცით რომ ფინალამდე გასვლაც შეგვიძლია და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას განვიხილავთ. კენჭისყრას უნდა დაველოდოთ. პსჟ-სთან მატჩში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა ასევე ბევრს თამაშის გამოტოვება მოუწია, თუმცა შესაძლოა ეს კარგიც იყო, რადგან მოედანზე დასვენებული და ენერგიით სავსე შემადგენლობა გამოვიდა. ვიცოდით რომ თავი უნდა დაგვეცვა და ძალები არ დაგვეზოგა, გუნდმა ეს შესანიშნავად გააკეთა. რაც შეეხება ჩემს მანჩესტერში დარჩენას. ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობ და კლუბისთვის რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, ვნახოთ ეს სადამდე მიგვიყვანს.“

პსჟ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩის გასვლაზე 2:0 მოგების მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო. ტომას ტუხელი პრესკონფერენციისას დაბნეული ჩანდა, მან განაცხადა, რომ რამდენიმე დღით დასვენება და სახლში ყოფნა სჭირდება.

„საშინელება მოხდა, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ და ვთქვათ - „არაუშავს, ეს 100 თამაშში ერთხელ ხდება.“ ტურნირიდან გამოვვარდით, თუმცა ვფიქრობ ნათამაშები 180 წუთის შემდეგ ჩვენ ამას არ ვიმსახურებდით. არ ვიცი რა გითხრათ, ამ ყველაფერთან გამკლავება ადვილი ნამდვილად არაა, ეს დიდი იმედგაცრუებაა. ეხლა რამდენიმე დღით სახლში ყოფნა და დასვენება მჭირდება, არ მინდა ბევრი ვიფიქრო და ვილაპარაკო. თუმცა ჩვენ ბრძოლა და თამაში უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ დღეს არა.“

„მანჩესტერ იუნაიტედი“ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალში, „სევილიასთან“ წაგების გამო დაემშვიდობა. გუნდის მომდევნო მეტოქე 15 მარტს გასამართი კენჭისყრისას გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები