Aa
Aa

"მეფემ" მაიკლ ჯორდანს გადაასწრო

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკლავმა, ლებრონ ჯეიმსმა, „დენვერთან“ მატჩში ისტორიული მიღწევა გაიფორმა. შეხვედრის მეორე მეოთხედში „მეფემ“ ლეიაფი გამოიყენა და NBA-ის საუკეთესო მექულეთა სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გადაასწრო.

„კლიპერსთან“ მოპოვებული 27 ქულის შემდეგ ლებრონს „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდის მიერ დაფიქსირებული შედეგის გასაუმჯობესებლად 13 ქულა სჭირდებოდა. ჯეიმსმა მიზანს უპრობლემოდ მიაღწია და პირველი ნახევრის მიწურულს უკვე 17 ქულა ჰქონდა.

„მეფის“ მომდევნო ოპონენტი „ლეიკერსის“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, კობი ბრაიანტია. „შავი მამბას“ ანგარიშზე 33643 ქულაა. რაც შეეხება ლიდერებს. პირველ ადგილს 38387 ქულით კარიმ აბდულ-ჯაბარი იკავებს. მეორე პოზიციაზე კი 36928 ქულით კარლ მელოუნი იმყოფება.

ლებრონს მათი შედეგის გაუმჯობესების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ამჟამინდელი მონაცემებით იგი საშუალოდ მატჩში 27.1 ქულას აგროვებს და საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად 225 შეხვედრა დასჭირდება, რაც დაახლოებით 3 სეზონია.

ლებრონმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ NBA-ში თავისი შვილის მხარდამხარ თამაში სურს. უმცროსი ჯეიმსის ლიგაში მოსვლისას „მეფე“ 40 წლის იქნება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა გამორიცხული არაა 40000 ქულაზე მეტიც დააგროვოს.

ასევე იხილეთ - EXCLUSIVE - ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები