მატჩის წინ - პსჟ VS მანჩესტერი
Aa
Aa

მატჩის წინ - პსჟ VS მანჩესტერი

მანჩესტერში მიღწეული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, პსჟ-მ „იუნაიტედი“ უკვე საკუთარ მოედანზე უნდა მიიღოს. ინგლისელთა მდგომარეობა ისეც საკმაოდ მძიმეა, რასაც სერიოზული საკადრო პრობლემებიც ემატება.

„წითელ ეშმაკთა“ მხრიდან პოლ პოგბა, ანტონიო ვალენსია, ხუან მატა, ანდერ ერერა, ჯესი ლინგარდი და ნემანია მატიჩი ვერ ითამაშებენ, საეჭვოა ალექსის სანჩესის, ენტონი მარსიალისა და ფილ ჯოუნსის მოედანზე გასვლაც.

ოლე-გუნარ სოლსკიაერის თვლის, რომ შეუძლებელი არაფერია და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გუნდს ასეთი ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი შეუტრიალებია.

„უამრავი მაგალითია, როდესაც გუნდმა შედეგი შეცვალა. ეს ჩვენც ბევრჯერ გაგვიკეთებია. გასვლით მატჩებზე ჩვენ არსენალი, ჩელსი და ტოტენჰემი დავამარცხეთ, ასე რომ წარმატების გვჯერა. ეს შეუსრულებელი მისია არაა. რა თქმა უნდა რთული იქნება, თუმცა მთავარია პირველი გოლი გავიტანოთ და შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფეხბურთი ტექნიკური და ტაქტიკური სპორტია, თუმცა მენტალურიც. უეცარი გოლები თამაშს ყოველთვის ცვლიან. ასე რომ თუ პირველს გავიტანთ ჩვენ დავიჯერებთ რომ კიდევ რამდენიმეს გატანა შეგვიძლია. როდესაც შენი არავის სჯერა, სწორედ მაშინ პოულობ შენს თავში იმ ძალას, რომლითაც ყველას უმტკიცებ რომ ცდებოდნენ. ჩვენი მოტივაცია ისტორიის შექმნა არაა, ჩვენი მოტივაცია შემდეგ ეტაპზე გასვლაა.“

პარიზელებმა უქმეებზე სტუმრად „კაენთან“ ითამაშეს და კილიან მბაპეს დუბლის წყალობით 2:1 იმარჯვეს. მათ დღევანდელ მატჩში ნეიმარი ვერ დაეხმარება, კავანისა და ნსოკის საკითხი კი მატჩის დაწყებამდე გადაწყდება.

ტომას ტუხელი თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორის არ მოიაზრებს. იგი სრულ აქცენტს მხოლოდ დღევანდელ მატჩზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ იდეალური იქნება, თუკი მისი გუნდი ანგარიშის გახსნას შეძლებს.

„ჩვენი მიზანია, რომ პირველი გოლი გავიტანოთ. ეს იდეალური სცენარი იქნება. მოედანზე თავდაჯერებულები და მშვიდები უნდა ვიყოთ, ამასთან ერთად კი აგრესიულები. სოლსკიაერმა ბევრჯერ გვანახა, მათ შორის არამარტო ბაიერნში რომ ის შესანიშნავი შემცვლელია. ის კლუბის ოქროს წლებში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო, რომელსაც გუნდის დახმარება ნახევარ საათში, 20, 10 თუ 5 წუთშიც შეეძლო. დღეს კი მისი სულისკვეთება მთლიანად მანჩესტერ იუნაიტედს აქვს. ეს რეალობა უნდა მივიღოთ და ვიცოდეთ, რომ ეს ბიჭები ყველაფრისთვის მზად არიან, რომლებსაც საკუთარი სიძლიერის და კლუბის ისტორიის რწმენა აქვთ. რაც შეეხება კავანის. მან ბოლო 2 ვარჯიში გუნდთან ერთად გამართა და სრული დატვირთვა მიიღო. თუმცა გამოვა თუ არა ის მოედანზე ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.“

„პარი სენ ჟერმენი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღეს, ღამის 12 საათზე „პარკ დე პრენსზე“ ითამაშებენ. შეხვედრას სლოვენიელი დამირ სკომინა იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები