მატჩის შემდეგ - რეალი VS აიაქსი
Aa
Aa

მატჩის შემდეგ - რეალი VS აიაქსი

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ორრაუნდიანი დაპირისპირება 2015 წლის შემდეგ პირველად წააგო. „სამეფო კლუბის“ დაუმარცხებელი სვლა ამსტერდამის „აიაქსმა“ შეწყვიტა, რომელმაც მეტოქეს მისსავე მოედანზე ბრწყინვალე სტილში 4:1 აჯობა.

გუნდებს შორის ჰოლანდიაში გამართული მატჩი „რეალმა“ 2:1 მოიგო, გუშინდელი შეხვედრა კი „აიაქსის“ სტული დომინაციის ფონზე წარიმართა. ამსტერდამელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, რასაც მეორე ნახევრის 62-ე წუთზე კიდევ ერთი ბურთი მიამატეს, რითაც „ბლანკოსი“ პრაქტიკულად გადაუჭრელი ამოცანის წინაშე დადგა, საბოლოო ჯამში, ერიკ ტენ ჰაგის ბიჭებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და ევროპული ტურნირების ისტორიაში, „აიაქსი“ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც „რეალთან“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა. პირველად იგივე 1994-1995 წლების უეფას თასზე დანიურმა „ოდენსემ“ გააკეთა.

ესპანელთა მთავარი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი გულდაწყვეტილი იყო. არგენტინელმა პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მაქსიმუმი გაიღო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„დამწუხრებულები ვართ. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ტურნირიდან გამოვარდით. თუმცა კლუბის რთულ პერიოდში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ დავნებდე.“

ჰოლანდიელთა დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი ამ შედეგს „აიაქსისთვის“ ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ თამაშის წინ მისი გუნდის ბევრს არ სჯეროდა. ტენ ჰაგის თქმით, მისმა შეგირდებმა „აიაქსისა“ და ჰოლანდიური ფეხბურთის ფილოსოფია ნათლად წარმოაჩინეს.

„ჩემი აზრით, აიაქსისთვის ეს ისტორიული შედეგია. ამ გამარჯვების ბევრს არ სჯეროდა, მათ შორის საფეხბურთო ექსპერტებსაც, თუმცა 4000-ი ფანი დარწმუნებული იყო რომ მოვიგებდით და რაც მთავარია ამის გუნდსაც სჯეროდა. აიაქსს ბევრი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის თასიც, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ფულმა და დიდმა ტურნირებმა ისეთი პატარა ქვეყნებისთვის როგორიც ჩვენ ვართ ყველაფერი გაართულა, ასე რომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ მეტი გვსურს. კარგი იქნება თუ აიაქსის ფეხბურთელები გუნდში დიდხანს დარჩებიან. ამ შემთხვევაში გუნდი უფრო გაიზრდება და გაძლიერდება, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ეს უტოპიაა. სამწუხაროდ ჰოლანდიის ლიგას ფეხბურთელები პატარა ასაკშივე ტოვებენ, მათ ძალიან ახალგაზრდებს ყიდიან.“

„აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 2003 წლის შემდეგ პირველად გავიდა. გუნდის მომდევნო მეტოქე 15 მარტს გასამართი კენჭისყრისას გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები