Aa
Aa

"ღვთის გულისათვის, ახლა „რეალზე“ საუბარს არ ვაპირებ" - ნეიმარის ინტერვიუ

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა ტელეარხ "გლობოსთან" სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. იგი აღნიშნავს, რომ კილიან მბაპესთან მოედანზე ისეთივე შესანიშნავი პარტნიორობა აქვს, როგორც „ბარსაში“ ლიონელ მესისთან ჰქონდა.

„მოედანზე და მის გარეთ მბაპესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. „ოქროს ბიჭუნას“ ვეძახი, იგი არის ადამიანი, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ვფიქრობ, კილიანი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე გახდება, მე კი ყოველდღიურად მის დახმარებას ვცდილობ. თამაშის ან ვარჯიშის შემდეგ მასთან მივდივარ და ველაპარაკები, ასევე იქცევა ისიც. ეს ყველაფერი ძმების ურთიერთობას ჰგავს.

ჩვენ ერთმანეთის არ გვშურს. როცა მას გოლი გააქვს, მაინც უნდა, რომ პასი მომცეს, მე კი როცა პასს ვაძლევ, მინდა, რომ გოლი გაიტანოს. მასთან მოედანზე ისეთივე პარტნიორობა მაქვს, როგორიც „ბარსელონაში“ ლიონელ მესისთან მქონდა“.

ნეიმარს მადრიდის „რეალსა“ და კატალონიის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზეც ჰკითხეს, რაზეც მან საკმაოდ დიპლომატიური კომენტარი გააკეთა.

„მათ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავთ და იქ გადასვლის პერსპექტივით, ყველა ფეხბურთელი მოიხიბლებოდა. ღვთის გულისათვის, ახლა „რეალზე“ საუბარს არ ვაპირებ, პარიზში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. რა თქმა უნდა, მადრიდელთა მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს, თუმცა დღესდღეობით საკუთარ თავს პარიზში ვხედავ.

რაც შეეხება „ბარსელონას“, ყველამ იცის, რომ იქ გადასვლით ბავშვობის ოცნება ავიხდინე. როცა პატარა ვიყავი, ვამბობდი, რომ იქ თამაში ძალიან მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.

ფეხბურთელის კარიერა საკმაოდ ხანმოკლეა და მოულოდნელი განვითარებებიც ხშირადაა, ნამდვილად არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. ვერ ვიტყვი, რომ ახლა რომელიმე კლუბით აღფრთოვანებული ვარ, შესაბამისად, არც პსჟ-ს დატოვება მსურს, მაგრამ მომდევნო 3 თვეში რა მოხდება, ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს“.

27 წლის ბრაზილიელი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და დაშავებულ მეტატარსალს იშუშებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები