მოურინიო ''ბარსელონასა'' და რაკიტიჩს აქებს: ''ხორვატი ბრწყინვალეა''
Aa
Aa

მოურინიო ''ბარსელონასა'' და რაკიტიჩს აქებს: ''ხორვატი ბრწყინვალეა''

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის 26-ე ტურში ''ელ კლასიკო'' ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' შედგა. კატალონიის ''ბარსელონამ'' ყველაზე პრინციპული მეტოქე ივან რაკიტიჩის ერთადერთი გოლით დაამარცხა. 26-ე წუთზე ხორვატმა ფეხბურთელმა სერხი რობერტოს საგოლე გადაცემა გამოიყენა.

მატჩის შემდეგ ესპანურ მედიაში ''რეალის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს კომენტარი გავრცელდა. გასული წლის მიწურულს ''მანჩესტერ იუნაიტედიდან'' განთავისუფლებული პორტუგალიელი ''ბარსელონას'' ფეხბურთელებს აქებს, განსაკუთრებით კი ხაზს ივან რაკიტიჩის თამაშს უსვამს.

ჟოზე მოურინიო: ''მათ არ უთამაშიათ ფენომენალურად, მაგრამ ''ბარსელონა'' სხვა სეზონებთან შედარებით უფრო ძლიერია. კატალონიური გუნდის ფეხბურთელები კომპაქტურად თამაშობდნენ და იციან  დაცვაში როგორ იმოქმედონ. ''ბარსელონას'' თამაში ისეთი მშვენიერი არაა, როგორც ბევრი მიჩვეული იყო, თუმცა გუნდი გამარჯვებებს სტაბილურად აღწევს. პიკე და ლენგლე ფანტასტიურად თამაშობენ, ანალოგიურად ვფიქრობ ტერ შტეგენზე, რომელიც ყოველწლიურად თამაშის ხარისხს აუმჯობესებს.

ასევე უნდა შევაფასოთ რაკიტიჩის თამაში, რომელიც ყველა ასპექტში ნამდვილად ბრწყინვალე იყო, ის შეუჩერებლად დარბოდა და მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებდა. ვფიქრობ რაკიტიჩმა Instagram-ისა და Twitter-ის გვერდი უნდა განავითაროს, რათა უმაღლესი დონის, დიდებული ფეხბურთელების გვერდით დააყენონ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები