Aa
Aa

ძალიან დასანანი მარცხი! - ბასილაშვილი დუბაის ტურნირს 1/4 ფინალში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა, იგი 1/4 ფინალურ სტადიაზე ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 3 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ჩოგბურთელები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებოდნენ, აქამდე ანგარიში 2:2 გახლდათ.

ბასილაშვილმა დღევანდელი მატჩი კარგად დაიწყო და მე-3 გეიმში შესრულებული ბრეიკის წყალობით პირველი სეტი 6:4 მოიგო, რასაც ჩაგდებული მეორე პარტია და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა, შედეგად, გადამწყვეტი სეტის ჯერი დადგა.

ხორვატმა "დისაიდერი" ძალიან კარგად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა, თუმცა ნიკამ თამაშის სადავეები დაიბრუნა და ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ კი გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი გახდა საჭირო. შემოკლებულ გეიმში ქართველი დაღლილი ჩანდა და რამდენიმე მარტივი შეცდომით წარმატების შანსი დაკარგა - 6:4; 2:6; 6:7.

ნიკოლოზმა 9 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 54-დან 35, ხოლო მეორეზე 42-დან 22 ქულა მოიგო. ქართველმა 3 ბრეიკი შეასრულა, ჩორიჩმა კი მისი მოწოდება 4-ჯერ აიღო.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე 1/4 ფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც მას მომავალი კვირიდან მსოფლიოს მე-18 ჩოგნად აქცევს. 

ჩორიჩი ტურნირის 1/2 ფინალში როჯერ ფედერერს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი გაელ მონფილსი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები