Aa
Aa

"რეალმა" ბრაზილიელის შემცვლელს მიაგნო? - მარსელო "იუვეს" უახლოვდება

მარსელოსა და ტურინის "იუვენტუსის" შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დიდი ხანია იწერება და ეს გარიგება დღითიდღე უფრო რეალური ხდება. ტურინული გამოცემის, Tuttosport-ის თქმით, ბრაზილიელის "ბებერ ქალბატონში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, "რეალი" კი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს და ერთ-ერთი პირველი კანდიდატი უკვე ჰყავს.

Tuttosport-ის დღევანდელ ნომერში ვკითხულობთ, რომ მადრიდელები "აიაქსის" არგენტინელი მარცხენა მცველის, ნიკოლას ტალიაფიკოს შეძენაზე ფიქრობენ. "სამეფო კლუბს" ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა პრესა მისი აგენტის სიტყვებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების საწყისი ეტაპი, შესაძლოა, შემდგარი იყოს.

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" გადავიდა, პორტუგალიელმა კლუბს მარსელოს შეძენაც ურჩია, რისი გაკეთებაც ტურინელებმა ზაფხულშივე სცადეს, თუმცა მადრიდელებმა 31 წლის განაპირა მცველის გაშვება არ ისურვეს. სანტიაგო სოლარი კი მას საერთოდ აღარ ენდობა და ბოლო პერიოდში ძირითადში სერხიო რეგილონს ათამაშებს.

მარსელო "რეალის" ღირსებას 2006 წლიდან იცავს და მასთან ერთად სხვა ტიტულებთან ერთად, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო. ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ასევე, Tuttosport-ის დღევანდელ ნომერში წერია, რომ "იუვეში" ზინედინ ზიდანის მისვლის ალბათობაც საკმაოდ მაღალია. მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წასვლაზე ბევრი საუბარია, მის ყველაზე რეალურ შემცვლელად კი სწორედ ფრანგი სპეციალისტი სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები