შესაძლოა, რონალდუმ
Aa
Aa

შესაძლოა, რონალდუმ "ნაპოლისთან" ვერ ითამაშოს

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური საიტის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუს კოჭის დაზიანება აქვს, რომელზეც სამედიცინო შემოწმება ხვალ დილამდე ჩაუტარდება. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა, ისევე, როგორც - დუგლას კოშტამ.

რონალდუმ კოჭის ტრავმა გასულ უქმეებზე "ბოლონიასთან" გამართული მატჩისას მიიღო, რის გამოც, შესაძლოა, მომდევნო უქმეებზე ნეაპოლში, "სტადიო სან პაოლოზე", "ნაპოლის" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. მისი მოედანზე გასვლის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ალეგრი ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გარისკავს და მას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8 ფინალური შეხვედრისთვის გაუფრთხილდება.

კრიშტიანუ რონალდუს იტალიაში ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებენ, განსაკუთრებით, "ატლეტიკოსთან" ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ. ისე კი, პორტუგალიელმა სერია A-ს წლევანდელ სეზონში 19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავის ლიდერია. იგი "მილანელ" კშიშტოფ პიონტეკს 1 ბურთით უსწრებს.

სხვათა შორის, "ნაპოლი"-"იუვეს" მატჩზე, ჟურნალისტები ფაბიო კაპელოს დაეკითხნენ, რომელმაც კალიდუ კულიბალის "ნეაპოლელთა კრიშტიანუ რონალდუ" უწოდა: "ნაპოლის" კრიშტიანუ რონალდუ? ასეთი უეჭველად კალიდუ კულიბალია. ის ძალიან ძლიერი და ნიჭიერია. ამ ეტაპზე კულიბალი მსოფლიოს საუკეთესო მცველებს შორისაა". - განაცხადა ლეგენდარულმა სპეციალისტმა.

ამასობაში, "ვეკია სინიორას" სრულ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ პირალემ პიანიჩი და ემრე ჯანი, სამი ხედირას კი გულის პრობლემები აქვს და აღდგენით პროცესს აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები