არის! - ბასილაშვილმა ბაუტისტა-აგუტიც დაამარცხა!
Aa
Aa

არის! - ბასილაშვილმა ბაუტისტა-აგუტიც დაამარცხა!

დუბაის ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც დღეს 1/8 ფინალური შეხვედრა გამართა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს მოუგო. 

ბაუტისტა-აგუტი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზეა, ქართველი კი მას 1 პოზიციით ჩამორჩება, ურთიერთშეხვედრებში კი პირენეელი 2:0-ს იგებდა.

გამოცდილმა ესპანელმა დღევანდელი მატჩიც კარგად დაიწყო და მისი დაძაბული პირველი სეტი სათავისოდ ტაიბრეიკზე დაასრულა. ნიკამ თამაში გამოასწორა და საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა, რასაც მეორე და მესამე სეტის ბრეიკებით მოგება მოჰყვა, საბოლოოდ - 6:7; 6:4; 6:3.

ბასილაშვილი შესანიშნავად აწვდიდა და 19 ეისის შესრულება შეძლო, მეორე მხრივ კი მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან პირველ მოწოდებაზე 52-დან 42, ხოლო მეორეზე 34-დან 21 ქულა მოიგო. ბაუტისტამ 1 ბრეიკი შეასრულა, ქართველმა კი მისი მოწოდება 4-ჯერ აიღო.

აღსანიშნავია, რომ რობერტო ბაუტისტა-აგუტი დუბაის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. მან რამდენიმე კვირის წინ დოჰას ტურნირიც მოიგო, რომლის მიმდინარეობისას ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ფინალში კი ტომაშ ბერდიხს აჯობა. საერთო ჯამში, ბაუტისტას ATP-ს 9 ტიტული აქვს მოგებული.

ნიკა შემდეგ რაუნდში კიდევ ერთ რთულ ოპონენტს შეხვდება, იგი ბორნა ჩორიჩს შეხვდება, რომელმაც უკვე ნახსენები ტომაშ ბერდიხი სამსეტიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ჩორიჩისა და ბასილაშვილის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2-ია.

27 წლის ქართველმა წყვილთა შორისაც ითამაშა და მეტიუ ებდენთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს დუეტს, როიე/ტეკაუს დაუპირისპირდა და, სამწუხაროდ, 1/2 ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები